Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო გმობს საქართელოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევას


1 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის გამო აღშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში.

„ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში.

COVID - 19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეხმარება რა ქართველ ხალხს ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს. ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც თავდამსხმელებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შსს-ის განცხადებით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.

XS
SM
MD
LG