Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკელებს ზომების დაცვისკენ მოუწოდა, რათა ხელი შეუშალოს უქმეებზე COVID-19-ის გავრცელებას


აშშ-ის პრეზიდენტმა და თეთრ სახლში კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ამერიკელებს მოუწოდეს, კვლავაც მისდიონ სოციალური დისტანცირების წესებს, რათა ხელი შეუშალონ კორონავირუსის გავრცელებას შრომის დღის უიკენდზე.

ზაფხულის დასასრულის დღესასწაული და უიკენდი, რომელიც მას უსწრებს, არის დღეები, როცა ამერიკელები ტრადიციულად ეზოში იკრიბებიან მაყალზე, სტუმრობენ ოჯახის წევრებს და პლაჟებზე გადიან.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაფრთხილება გამოაქვეყნეს, ვინაიდან COVID-19-ით დაავადებამ მკვეთრად იმატა მსგავს შემთხვევებში - მაისისა და ივლისის უქმეებზე.

ფლორიდაში ჯანდაცვის სფეროს მუშაკებმა ხალხს მოუწოდეს, პირბადეები ატარონ და დაიცვან სოციალური დისტანცია სამდღიანი უქმეების განმავლობაში, განსაკუთრებით - პლაჟებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.

დაავადების შემთხვევათა რაოდენობა კვლავაც იზრდება მექსიკაში, სადაც 5 სექტემბერს ინფიცირების 6300 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

რთული ვითარებაა ბრაზილიაშიც, სადაც დღეში 30 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხება.

ევროპაში კორონავირუსის ახალი კერების ზრდით საფრანგეთი ბევრად უსწრებს სხვა ევროპულ ქვეყნებს. 4 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა დადასტურებულმა შემთხვევებმა 9000-ს მიაღწია, რაც ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საფრანგეთში.

XS
SM
MD
LG