Accessibility links

შეიარაღებულმა პირებმა გალში ბიზნესმენი გაიტაცეს


ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთის მიერ ოკუპიებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 58 წლის ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ინფორმაციას უდასტურებს რადიო „ეხო კავკაზას“ წყარო, რომელიც გატაცების დეტალებზე ჰყვება. მისი ინფორმაციით, გატაცებული ბიზნესმენი საბერიოს მკვიდრია და არის რუსეთის მოქალაქე. ის ცხოვრობს და მუშაობს სოჭში. ბიზნესმენს საბერიოში კერძო სახლი აქვს, სადაც დროდადრო ჩადის.

საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციული საზღვარი, საოკუპაციო ხაზი
საბერიო-ფახულანის ადმინისტრაციული საზღვარი, საოკუპაციო ხაზი

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, წუხელ 22:00 საათზე ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა ბიზნესმენის მანქანა და აიძულა ტრანსპორტი ენგურჰესის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზისკენ წაეყვანა. იმ იმედით, რომ ვინმე შენიშნავდა და დახმარებას გაუწევდა, ჯემალ სოსელიამ ავტომობილი ელექტროსადგურის მიმართულებით წაიყვანა. წყარო „ეხო კავკაზას“ უყვება, რომ ამის გამო გამტაცებლებმა ბიზნესმენს სცემეს, მათ დასისხლიანებული და სავარაუდოდ, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიზნესმენის ტრანსპორტიდან გადმოყვანა სცადეს. ამავე წყაროს ცნობით, ფაქტის თვითმხილველი გახდა ენგურჰესის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ბიზნესმენის დახმარება სცადეს, თუმცა გამტაცებლებმა მათაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩამოართვეს ტელეფონები. თავად სოსელია კვლავ ავტომობილში ჩასვეს და ტყვარჩელის მიმართულებით დაიძრნენ იმ მონაკვეთისკენ, საიდანაც დანარჩენ საქართველოში გადასვლაა შესაძლებელი. ვრცელდება ცნობა, რომ სწორედ ამ გზაზე იპოვეს სოსელიას ავტომობილიც. „ეხო კავკაზას“ წყარო ირწმუნება, რომ „ბოროტმოქმედები ქართულად და მეგრულად საუბრობდნენ“.

თემურ ნადარაია
თემურ ნადარაია

გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თემურ ნადარაია დარწმუნებულია, რომ გამტაცებლები „ქართული ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან“. მან „ეხო კავკაზასთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2014, 2013, 2012 წლებში გალის რაიონიდან თითქმის ყოველდღიურად იტაცებდნენ ადამიანებს, დანაშაულს კი „საქართველოდან გადმოსული პირები სჩადიოდნენ“, რომლებსაც თანამზრახველები გალის რაიონში ჰყავდათ. თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის გატაცებაც ამ სქემით მოხდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გალის ტელევიზიაც. მათი ცნობით, გატაცებულის გამოსასყიდი თანხის თაობაზე შეტყობინება არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG