Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი: "საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი"


„ძალა პარტნიორობაშია“, ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი და ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ სულისკვეთება, რომელმაც გლობალური პანდემიის მიუხედავად 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნაზე.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის ევროპულ სარდლობას, ასევე სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის ყველა სამხედრო მოსამსახურეს.

თავდაცვის მინისტრის სიტყვებით, გლობალური გამოწვევის ფონზე „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ ჩატარების უწყვეტობა ცხადყოფს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად, მტკიცედ გაგრძელდეს საერთო ღირსებულებების დაცვა.

„ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში მასპინძლობა არის ნათელი დასტური, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისე ძლიერი, როგორიც დღესაა“, - ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს იმ როლისთვის, რაც მას საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესში მიუძღვის:

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ-მ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში, აშშ ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცის ძალების განვითარებაში. და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ჩვენი მიზანია განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლიუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები, რომლებიც ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებასთან ერთად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამტკიცებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

სწავლების ოფიციალური გახსნისთვის საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად უკვე ჩამოვიდა მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა, ხოლო საზღვაო გზით ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „Ocean Freedom“ აშშ-დან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცის პორტის გავლით შემოვიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც პარტნიორობის ნიშნად სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები იყო დამაგრებული, სწავლების თეატრის - ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

სწავლება 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG