Accessibility links

მინსკის ცენტრში უცნობმა პირებმა გაიტაცეს ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი


ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კალესნიკავა, 7 სექტემბერს, დილით უცნობმა პირებმა გაიტაცეს.

ამის თაობაზე რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იტყობინება Tut.by-ზე დაყრდნობით. Tut.by-ის მოჰყავს თვითმხილველის ნაამბობი, რომ კალესნიკავა ჩასვეს მიკროავტობუსში წარწერით "Связь" (კავშირი) და წაიყვანეს დაუდგენელი მიმართულებით. ცნობით, მისი ტელეფონი არ პასუხობს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიციას ის არ დაუკავებია.

კალესნიკავა დაპატიმრებული საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკას შტაბის წარმომადგენელია. ის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი და ერთადერთი წევრია ქალთა „სამეულისა“, რომელშიც მეორე არარეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატი, ვალერი ცეპკალო და კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია შედიან. მან პოპულარობა მოიპოვა წინასარჩევნო თავყრილობებზე გამოსვლებით.

ადრე ქვეყანა დატოვეს სვიატლანა ციხანოუსკაიამ და საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, ოლგა კოვალკოვამ.

კალესნიკავამ 6 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო მორიგ საპროტესტო მსვლელობაში მინსკში, სადაც აქციები გაიმართა სახელწოდებით „ერთიანობის მარში“ ლოზუნგით, „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“. ისევე, როგორც წინა დღეებში გამართული მარშები, ის არ იყო ხელისუფლებასთან შეთანხმებული.

კვირას მინსკში გამართულ მსხვილ საპროტესტო აქციაზე 180-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG