Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია ბათუმში პედაგოგის კოვიდინფიცირების წყარო


ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირების წყარო უცნობია. ინფიცირებულ პედაგოგს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბათუმის კიდევ ორი საჯარო სკოლის მასწავლებლებთან.

აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და მათი იზოლირება.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, ამ ფაქტის გამო გადაიდო თუ არა ბათუმსა და ქობულეთში სკოლებში სწავლის დაწყება 1-ლ ოქტომბრამდე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და მხოლოდ 1 ოქტომბრიდან მიეცემათ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შენობაში სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან 6 შემთხვევაა, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 34-ით გაიზარდა კორონავრუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და სულ 1684 შეადგინა.

5-ითაა გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვია 1315. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG