Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ვიქნები პრემიერ-მინისტრი მაქსიმუმ ორი წელიწადი


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, კიევიდან ვიდეომიმართვაში საკუთარი ხედვის შესახებ ილაპარაკა.

სააკაშვილმა მართლმსაჯულებისა და საგადასახადო სისტემის მისეული ხედვა წარმოადგინა. მან საქართველოს მოქალაქეებს შეცდომების გამო კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში და გაიხსენა წარმატებები.

მიხეილ სააკაშვილი, ასევე შეეხო საქართველოში მისი ჩამოსვლის საკითხს და აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში ჩამოვა, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და არეულობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, იმიტომ, რომ მე თავის დროზე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

პოლიცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში რამდენიმე საკითხი დაუყოვნებლივ არის გადასაწყვეტი და პირველ რიგში ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურები.

„პოლიცია მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პოლიციის უფროსი უნდა შეირჩეს კონკურსის წესით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთელი საზოგადოების მიერ. უნდა დამტკიცდეს პარლამენტში ხმების უმრავლესობით, ოღონდ, მინიმუმ ოპოზიციის ერთმა მესამედმა უნდა დაუჭიროს ამას მხარი“, - ამბობს სააკაშვილი.

პენიტენციური სისტემა

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „სასჯელაღსრულების სისტემა უნდა გამოეყოს იურსტიციის სამინისტროს, შეიძლება მხოლოდ ფორმალური ბმა დარჩეს. მისი ხელმძღვანელის უნდა შეირჩეს პარლამენტში კონკურსის წესით და ოპოზიციის მინიმუმ მესამედმა უნდა დაუჭიროს მას მხარი“.

სასამართლო

რაც შეეხება სასამართლოს, მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მოიწვიოს „უზენაეს სასამართლოში მუდმივ სამუშაოზე ამერიკელი, ინგლისელი, ფრანგი, სხვა უცხოელი მოსამართლეები, ხოლო, ქვემდგომი მოსამართლეები საზოგადოებამ უნდა აირჩიოს“. სააკაშვილის მტკიცებით, ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ ჩაერევა ასეთ სასამართლოში. ყოფილმა პრეზიდენტმა პირადი გამოცდილებაც გაიხსენა.

„საკუთარ თავზე გამოვცადე რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო. რა, რადა მე ზუსტად ვიცი, რომ ამაზე უფრო საშინელება არაფერი არსებობს. მე ჩემმა ახლობლებმა მათ შორის ჩემი პრეზიდენტობის დროს გამოსცადეს ეს. ეს არის ყველაზე მტკივნეული მახსოვრობა, რომელიც მე შემომრჩა და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომა, რომელიც მე დავუშვი, რომ თავის დროზე ვერ შევძელი და არ შევქმენი უკეთესი სასამართლო სისტემა საქართველოში. ამ შეცდომას ნამდვილად აღარ გავიმეორებ. სასამართლო მართლაც იქნება ისეთი, რომ ყველა ჩვენს რეგიონში იქნება გაკვირვებული სასიამოვნოდ. რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეები იქნებიან დაცულები ამ სასამართლოს მიერ.

ასე რომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმები სამართლიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებით. ე.წ. მოსმენის გასაღები ექნება მხოლოდ დამოუკიდებელ სასამართლოს და მთლიანი კონტროლი განხორციელდება სახალხო დამცველის მიერ და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ, რომლის თავმჯდომარეც აუცილებლად იქნება ოპოზიციიდან“, - თქვა სააკაშვილმა.

უშიშროება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ „სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გაუქმდება, დარჩება მხოლოდ კონტრდაზვერვა, რომელიც შეებრძოლება ძირგამომთხრელ საქმიანობას უცხოეთიდან, მაგრამ საერთოდ არ შეეხება შიდა პოლიტიკას. ერთხელ და სამუდამოდ, პოლიტიკური სამართალდამცავი ინსტიტუტები უნდა ჩაბარდეს წარსულს“.

საგადასახადო სისტემა

სააკაშვილის განცხადებით, საგადასახადო პოლიცია გაუქმდება და პრაქტიკულად ყველა საგადასახადო მუხლი იქნება დეკრიმინალიზებული. ბიზნესში ჩარევის ინსტრუმენტები საერთოდ აღარ ექნება სამართალდამცავ სისტემას. მისი შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს, 7 სექტემბერს, საზოგადოებას გააცნო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოსა და გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშია“ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასახელების შესახებ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე დღეს რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს და ამის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც მიხეილ სააკაშვილი იქნება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG