Accessibility links

ანა მიქელაძე: გადაწყვეტილება კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მიღებული არ არის


ანა მიქელაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მიღებული არ არის. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებში მყოფ პირებს, ანა მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეთ. როგორც ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განმარტა, შესაძლოა საკარანტინო სივრცეებში იყვნენ კოვიდინფიცირებული პაციენტები, რომელთაც სიმპტომები გამოხატული არ აქვთ, ამიტომ ასეთ შემთხვევაში საარჩევნო კომისიას გარკვეული დიფერენციაცია მოუწევს:

„კოვიდინფიცირებულების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება სპეციალისტებთან ერთად, რაშიც ჩართულები იქნებიან პოლიტიკური პარტიები და ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ხაზი უნდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ არჩევნები უნდა წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ადამიანები, ვინც არიან ჩართული ამ პროცესში. ესენი არიან: საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და, შესაბამისად, თითოეული საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსენსუსი იყოს”, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, საკარანტინო სივრცეებში შესაძლოა საარჩევნო უბანიც გაიხსნას და გამოყენებულ იქნას გადასატანი ყუთიც. ეს, მისი განმარტებით, დამოკიდებული იქნება საკარანტინო ზონებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობაზე.

როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, განიხილება ასევე არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების პირბადეებითა და ინდივიდუალური კალმებით უზრუნველყოფის საკითხიც.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG