Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკმაყოფილო სტუდენტებს კვლავ დაკავებული აქვთ ბუდაპეშტის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის მთავარი შენობა


ათეულობით სტუდენტი აგრძელებს 8 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის ცენტრში კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის (SZFE) მთავარი შენობის დაკავებას მათთვის საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე. ისინი პროტესტს გამოთქვამენ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ ცვლილებები მოხდეს სასწავლებლის მმართველობაში, რაც, სტუდენტების აზრით, საფრთხეს უქმნის მათი უნივერსიტეტის ავტონომიას.

დაპირისპირებამ კინოსა და თეატრის ცნობილი სასწავლებლის კონტროლის გარშემო ქუჩაში გადაინაცვლა ორი დღით ადრე, როცა სტუდენტებმა, თანამშრომლებმა და მათმა მომხრეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რათა პროტესტი გამოეთქვათ ცვლილებების წინააღმდეგ, რომელთა ავტორია ნაციონალისტური, კონსერვატული მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თავმჯდომარეობით.

ცვლილება 1 სექტემბრიდან სახელმწიფო ორგანიზაციის კერძო ფონდისთვის გადაცემას და სპეციალური სტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, რომელმაც სახელგანთქმული უნივერსიტეტის გარშემო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

სასწავლებლის ხელმძღვანელობა და წამყვანი პროფესორები პროტესტის ნიშნად გადადგნენ, ხოლო სტუდენტთა ჯგუფმა შენობა პირველ სექტემბერს დაიკავა.

უნგრეთის მედიის თანახმად, მსოფლიოში ცნობილმა ხელოვანებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა და მსახიობებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ბუდაპეშტის ამ სასწავლებელში ცვლილებები „საერთო კულტურული ომის ნაწილია კულტურის ყველა სივრცისა და ინსტიტუტის ავტონომიის გასაძარცვად“.

155 წლის სასწავლებელი დაამთავრა რამდენიმე ოსკაროსანმა, მათ შორის, „კასაბლანკის“ რეჟისორმა, მაიკლ კერტისმა.

ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტმა, ვიმ ვენდერსმა და გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაიკ დაუნიმ სინანული გამოთქვეს, რომ უნივერსიტეტის სენატმა დაკარგა გადაწყვეტილების მიღების უფლება და პრაქტიკულად უნივერსიტეტს აღარ აქვს აკადემიური ავტონომია.

ბოლო წლებში, ორბანის მთავრობამ არაერთი უნივერსიტეტი დაუქვემდებარა კერძო ჯგუფების კონტროლს, რომლებშიც, ოპონენტების თანახმად, მისი მოკავშირეები დომინირებენ.

XS
SM
MD
LG