Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსული ტრიო სახაროვის პრემიაზე წარადგინეს


„გულადი ბელარუსი ქალები“, ოპოზიციის გამორჩეული ლიდერები: სვიატლანა ციხანოუსკაია, მარია კალესნიკავა და ვერანიკა ცეპკალა 2020 წლის სახაროვის პრემიის ნომინანტებად დასახელდნენ.

ეს ტრიო პრესტიჟულ პრემიაზე წარადგინა ევროპის პარლამენტში სიდიდით მეორე საპარლამენტო ჯგუფმა, სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესულმა (S&D) ალიანსმა.

პრესრელიზში, რომელიც ამ გადაწყვეტილების შესახებ იუწყება, ალიანსის ვიცე-პრეზიდენტი, კატი პირი გამოთქვამს რწმენას, რომ ამ წლის სახაროვის პრემიით უნდა დაჯილდოვდნენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი გულადი ბელარუსი ქალები.

„ჩვენ განსაკუთრებით ვართ შთაგონებული ამ სამი ქალის ლიდერობით გასულ თვეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო კამპანიით, რომელიც მიზნად ისახავს ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას დიქტატურის დამხობას“, - ნათქვამია კატი პირის განცხადებაში.

ევროპის პარლამენტში შემავალი სხვა ჯგუფები თავიანთ ნომინანტებს ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში დაასახელებენ. მაგრამ იმ წყაროების ცნობით, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ყველა ძირითადი საპარლამენტო ჯგუფი მხარს უჭერს S&D-ს წინადადებას.

პრეტენდენტების წარდგენის ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, ამის შემდეგ აუცილებელია, რომ სამივე კანდიდატი 12 ოქტომბერს მოხვდეს ე. წ.შორთ ლისთში, ვიდრე კომისია 22 ოქტომბერს საბოლოო ლაურეატებს გამოაცხადებდეს.

გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წლიდან არსებობს. ევროპარლამენტი მას გასცემს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დამცველი ადამიანებისა და ორგანიზაციების დამსახურების აღსანიშნავად.

გასულ წელს სახაროვის პრესტიჟული პრემია ცნობილ უკრაინელ რეჟისორს, რუსეთის მიერ დაპატიმრებულ, ოლეგ სენცოვს მიენიჭა.

XS
SM
MD
LG