Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 87 შემთხვევიდან 29 ბათუმის შემთხვევებია


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 87 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 29 ბათუმის შემთხვევებია, 24 კი უკავშირდება ქუთაისის სკოლას. რაც შეეხება დანარჩენ მონაცემებს:

„12 პაციენტი გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 5 შემთხვევა არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 3 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. 3 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი და 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - უთხრა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყნის კოვიდცენტრებში სულ 536 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 17-ის მძიმე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG