Accessibility links

მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდპაციენტების შინ მკურნალობაზე ლაპარაკი არ არის


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ლაპარაკი არ არის. შემუშავებული პროტოკოლით, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სამ სასტუმროში უსიმპტომო პაციენტების განთავსება იგეგმება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

„გაცხადებულია ასეთი მოდელი - პაციენტები, რომლებიც სტაციონარში მოთავსდებიან, თავიდან მსუბუქი ფორმით და უსიმპტომოებზეა ლაპარაკი, კვლევების ჩატარების შედეგად მიღებული შედეგების შეფასებით, ყველა რისკების გათვალისწინებით, თუ ექიმები შეაფასებენ და რისკები მინიმალური იქნება, ასეთი ადამიანების გადაყვანა კლინიკაში ყოფნის მერვე დღიდან შესაძლებელია სპეციალურად შექმნილ საკარანტინე სასტუმროებში, სადაც მოხდება ასეთი უსიმპტომო პაციენტების მეთვალყურეობა და მსუბუქი ფორმების მკურნალობის გაგრძელება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, დადგენილება დღეიდან უკვე შესულია ძალაში და თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული სამი სასტუმრო, რომელთა ინფრასტრუქტურა შეესაბამება ასეთ პაციენტების მართვას, მიიღებს უსიმპტომო პაციენტებს. მას კონკრეტული სასტუმროები არ დაუსახელებია.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამგვარად განიტვირთება კოვიდცენტრები, მაგრამ დღეს კლინიკებში ამის საჭიროება არ დგას.

„დღეს არსებული 536 პაციენტი არ არის ის კრიტიკული რაოდენობა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა თავისი საწოლებით ვერ გაუმკლავდება. სამჯერ და ოთხჯერ მეტს გაუმკლავდება. მაგრამ იმისთვის, რომ დაყოვნება არ იყოს ძალიან ხანგრძლივი და სამომავლოდ მოვემზადოთ და ტრიაჟი ჩვენთვის იყო თავისუფალი და მარტივი და უნარ-ჩვევებში აღებული“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

9 სექტემბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სასტუმროებში მოხვდებიან 18-დან 65 წლამდე ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ინფექციის სიმპტომური გამოხატულება და თანმხლები ქრონიკული დაავადებები.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG