Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ექიმს კორონავირუსი გამოუვლინდა


ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში კორონავირუსი დაუდასტურდა ექიმს, რომელიც რეანიმაციურ ბლოკში მუშაობდა. მასთან კონტაქტში მყოფი 15 სამედიცინო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კლინიკის განცხადებით, ექიმის კოვიდ-19-ზე გეგმური შემოწმებისას, PCR-ტესტირებამ სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.

მისი ინფიცირების წყარო ცნობილია, შაბათს ის, თბილისში, ერთ-ერთ ღონისძებაზე იმყოფებოდა.

„შემთხვევის იდენტიფიცირება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე მოხდა, რაც ვირუსის გავრცელების არეალს მინიმუმამდე ამცირებს. დაინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ხორციელდება მათი თვითიზოლაციაში და საკარანტინე სივრცეებში გადაყვანა. ჰოსპიტლის თანამშრომლებში დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი არაგეგმიური სკრინინგის ჩატარება“,- ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

მის თანახმად, კოვიდით გამოწვეული ეპიდსიტუაციის გამო, სხვადასხვა განყოფილებას შორის მკაცრადაა დაცული ზონირება, პაციენტების ნაკადებისა და სამედიცინო პერსონალის ერთმანეთთან შემხებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ექიმს შემხებლობა არ ჰქონდა ჰოსპიტლის C ბლოკთან, სადაც ნეონატალური და სამეანო განყოფილებებია განთავსებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა 28 ადამიანს. 21 მათგანი 32-ე სკოლის ადმინისტრაციის და პედაგოგთა კოლექტივს წარმოადგენს. გუშინ ქუთაისში კორონავირუსზე 567 ტესტი აიღეს. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მოქალაქეთა ტესტირებისთვის კარავი დაიდგა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 87-ით გაიზარდა. თებერვლიდან მოყოლებული ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს ახალი შემთხვევების რაოდენობა 57-ს შეადგენდა.

გასული 24 საათის განმავლობაში 20-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG