Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური პროექტები რეგიონებში - პანდემიის დროს მოსახლეობის დახმარების სურვილი თუ ამომრჩევლის მოსყიდვა?


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად, კახეთში ადგილობრივი თვითმმართველობები მოსახლეობის ნაწილისთვის სოციალურ დახმარებებსა და პროდუქტს გასცემენ. ამ პერიოდში მსგავსი პროექტები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციურ პარტიებს უჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ამომრჩეველს მოისყდის.

რა მოტივით ხსნიან წინასაარჩევნო კამპანიის დროს მსგავს პროექტებს თავად თვითმმართველობებში?

„საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მასშტაბურ სახეს იძენს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება. პროექტების მიზანი და მოცულობა ქმნის განცდას, რომ ეს ინიციატივები არჩევნებს უკავშირდება და მათი მოტივი არჩევნებზე მმართველი პარტიის მხარდაჭერის გაზრდაა“ - ეს არის ამონარიდი არჩევნებზე მეთვალყურე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშიდან.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს უჩნდებათ განცდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს საარჩევნო მიზნით გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი, რომელზეც ხელი მიუწვდება.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სასურსათო პაკეტები დარიგდა სიღნაღში.

სიღნაღის მერია
სიღნაღის მერია

მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი ამბობს, რომ ასეთი დახმარება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერით მარტის თვეში მიიღო 5 000-მდე ოჯახმა. მისივე ინფორმაციით, პანდემიის პირობებში დახმარებები გაიცემა თანხის სახითაც.

როგორც მერის მოადგილე განმარტავს, იმის გამო, რომ სურსათის შეძენა ტენდერებსა და დიდ პროცედურებთან არის დაკავშირებული, უკვე რამდენიმე თვეა მერიშია დახმარების თხოვნით მისულ მოქალაქეებს ანგარიშზე ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით თანხას პირდაპირ ბარათზე ურიცხავენ, დახმარებების ოდენობა კი 50-დან 200 ლარამდეა.

„ჩვენ პანდემიის დროს მარტში დავეხმარეთ იმ ოჯახებს, ვინც სახლში დარჩა უსამსახუროდ. ასევე ვეხმარებით გაჭირვებულებს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს ყველაფერი გადაამოწმოს. ჩვენ დახმარებებს პარტიული კუთვნილებით არ გავცემთ, მიზეზი პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობაა“.

წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად, სასურსათო პაკეტებს არიგებს ლაგოდეხის მერიაც. უწყებამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 39 ათასი ლარის ღირებულების პროდუქტი იყიდა. მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, ნატალია ბატიაშვილი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დახმარებას სურსათის სახით მიიღებს 800 ოჯახი. ის ირწმუნება, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ასეთი დახმარება თავად გაჭირვებულმა ოჯახებმა მოითხოვეს.

ლაგოდეხის მერია
ლაგოდეხის მერია

„პაკეტში, რომელსაც ჩვენ ვარიგებთ, შედის ზეთი, მარილი, შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ბარდა, მანანის ბურღული, ფქვილი და შვრიის ფანტელი. დახმარება განკუთვნილია სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებზე, ობოლ და მარჩენალდაკარგულ, მრავალშვილიან, მკვეთრად შეზღუდული სტატუსის მქონე და დევნილთა ოჯახებზე. ამ პაკეტების დარიგება უახლოეს მომავალში დასრულდება“.

მმართველი პარტია ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და სასურსათო პაკეტების გაცემაში პრობლემას ვერ ხედავს. „ქართული ოცნების“ წევრი გურჯაანში კოტე ბერიძიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „სასურსათო პაკეტები მის მუნიციპალიტეტში არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გაიცა“. რაც შეეხება ერთჯერად ფულად დახმარებებს, მისი თქმით, „დახმარებას წელიწადში ერთხელ იღებენ მხოლოდ ის ოჯახები, ვინც სოციალური მომსახურების სააგენტომ აღიარა როგორც გაჭირვებული“.

დახმარების გაცემის წინააღმდეგი არ არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად მერიის თანამშრომლების მოსახლეობასთან სახლში საჩუქრით მისვლა მათ კითხვის ნიშნებს უჩენს. ევა ლომთაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს და ლაგოდეხის საკრებულოს წევრია. ის იხსენებს, რომ, ახლანდელის მსგავსად, დახმარებები დარიგდა საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც.

„ვიცი, რომ ორი-სამი კვირის წინ ლაგოდეხში დახმარებები დაარიგეს იმის მიხედვით, ვის როგორი პოლიტიკური კუთვნილება აქვს. რამდენიმე ოჯახმა, რომლებიც ოპოზიციას უჭერენ მხარს, ვერ მიიღო ეს დახმარებები. მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ეს ასე მოხდა“.

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური პროექტების ინიცირება არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს უჩენს განცდას, რომ მმართველი პარტია ცდილობს საარჩევნო მიზნით გამოიყენოს ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსი. მესამე სექტორის წარმომადგენლები ბოლო ხანებში ლაპარაკობენ იმაზეც, რომ მმართველი პარტია საარჩევნოდ იყენებს ეკლესიას და ცალკეულ მეუფეებს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG