Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალური ინტერვიუ: ზელენსკის ყოფილი თანამებრძოლი პრეზიდენტის გარემოცვას ადანაშაულებს


ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრეი ბოჰდანი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრეი ბოჰდანი

უკრაინის პოლიტიკურ წრეებში სავარაუდოდ ახალი სკანდალი მწიფდება. ამის საფუძველი შესაძლოა ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, აპარატის ყოფილი უფროსის, ანდრეი ბოჰდანის "ტელებრალდებები" გახდეს, რისთვისაც ყოფილი მაღალჩინოსანი 14 სექტემბერს უკრაინის საგამოძიებო ბიუროშია დაბარებული.

დმიტრი გორდონთან 4-საათიან ინტერვიუში, ზელენსკისთან ერთ დროს ყველაზე დაახლოებულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, უკრაინის პრეზიდენტს „უცოდინარი“ და „გამოუცდელი“ პოლიტიკოსი უწოდა, ხოლო ზელენსკის გარემოცვა რუსეთთან ყირიმისა და დონბასის გარშემო ფარულ გარიგებაში დაადანაშაულა.

ანდრეი ბოჰდანის კიდევ ერთი ბრალდება შეეხებოდა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფის შეპყრობის მიზნით, უკრაინული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას, რომელიც, ბოლო მომენტში, სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ახლო გარემოცვიდან განხორციელებული „ერთი ზარის გამო“ ჩავარდა.

ანდრეი ბოჰდანის სკანდალური ბრალდების შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის სასტიკი კრიტიკა დაატყდა ოპოზიციის მძიმეწონოსანი ფიგურების მხრიდან. უკრაინის მმართველ პარტია „ხალხის მსახურში“ პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელის განცხადებებს უწოდეს „სრული ფანტაზია და ვარაუდები“.

ბოჰდანის ზოგიერთი განცხადება საინტერესოდ ეჩვენებათ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის აპარატის ყოფილ უფროსს თავად აქვს გასაცემი პასუხები გარკვეულ შეკითხვებზე.

ფულადი კომპენსაცია ყირიმისა და დონბასისთვის?

11 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი მოწმის სტატუსით დაიბარეს უკრაინის საგამოძიებო კომიტეტში, სადაც აინტერესებთ იმის გაგება, თუ რა ფაქტები აქვს ბოჰდანს, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის ყირიმის თაობაზე გარკვეული გარიგებების შესახებ საუბრობს.

დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ყველაზე სკანდალური ბრალდება უკავშირდება რუსეთთან უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას. ამასთან, ზელენსკის ყოფილი მარჯვენა ხელი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს „უცოდინარ“ და „გამოუცდელ“ პოლიტიკოსს, რომლის მაგივრად ყველაფერს წყვეტს მისი ახლო გარემოცვა.

ბოჰდანი, კერძოდ, ასახელებს ანდრეი ერმაკს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელს და რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებელს „ნორმანდიის ფორმატის“ შეხვედრებზე.

ჟურნალისტ გორდონის შეკითხვაზე, მართალია თუ არა, რომ რუსეთი მზად არის მრავალი მილიარდი გადაიხადოს ყირიმისა და დონბასის საკითხის გადასაჭრელადო, ანადრეი ბოჰდანი პასუხობს: „დიახ, ჩვენი ხელმძღვანელები“ დიდ კონტრიბუციას, დაახლოებით, 100, 200 მილიარდ დოლარს, ელიან რუსეთისგანო.

ანდრეი ბოჰდანი: „იცი, ეს რაღაც საბავშვო ბაღია: ისინი მსჯელობენ ქვეყნის მომავალზე, რაღაც ზღაპრებიდან თუ შარშანდელი სიზმრებიდან გამომდინარე... დღესდღეობით არსებობს რაღაც ბავშვური რწმენა (იქიდან გამომდინარე, რაც მესმის), რომ რაღაც უზარმაზარი თანხა იქნება გადახდილი ამ ყველაფრისთვის... დონბასისთვის, კიდევ რაღაცისთვის... და ამ ფულით დავიწყებთ აუზების, სკოლების მშენებლობას, ინტერნეტის გაყვანას... ახლა ყოველდღიურად ხომ რაღაცას გვპირდებიან“.

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილ უფროსს უკვე გამომძიებლებისთვის მოუხდება კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა იმ 13-პუნქტიანი ურთიერთვალდებულების შესახებ, რაც, ბოჰდანის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს აუღია რუსეთის წინაშე.

ინტერვიუში ბოჰდანმა აღიარა, რომ მას არ უნახავს ასეთი დოკუმენტი, მაგრამ ამ პუნქტების შესახებ ხშირად მოუსმენია „დიპლომატებისა და სპეცსამსახურების“ მხრიდან.

ანდრეი ბოჰდანი: „ეს არის მოქმედების გარკვეული ალგორითმი: ჩვენ თქვენ მოგცემთ გემებს, თქვენ ჩვენ - წყალს ყირიმში; ჩვენ თქვენ - ტყვეებს, თქვენ - პირდაპირ საავიაციო მიმოსვლას, ჩვენ თქვენ - სამ მილიარდ დოლარს სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის, თქვენ კი ჩვენ - რაღაცას“.

ანდრეი ბოჰდანის მიერ ჩამოთვლილი საკითხების გარშემო მოლაპარაკებას რუსეთთან არ ითვალისწინებს არც უკრაინის სამართლებრივ-ნორმატიული აქტები და არც ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის დირექტივები.

„ვითვალისწინებთ რა წამოჭრილი საკითხების საზოგადოებრივ მნიშვნელობას, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლები ანდრეი ბოჰდანს მოწმის სტატუსით იწვევენ საგამოძიებო ქმედებების განსახორციელებლად და მის მიერ გახმოვანებული ფაქტების დასადგენად“, - ნათქვამია უკრაინის საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს უკვე ჩაბარდა უწყისი და ბოჰდანი აცხადებს, რომ 14 სექტემბერს, 11:00 საათზე აუცილებლად გამოცხადდება უწყებაში.

ზელენსკის გარემოცვიდან ჩაშლილი ოპერაცია „ვაგნერი“

ანდრეი ბოჰდანის კიდევ ერთი ბრალდება ნამდვილ „ჯაშუშთა ისტორიას“ წააგავს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33-კაციანი ჯგუფის მოხვედრა ივლისის ბოლოს ბელარუსში, რასაც მინსკსა და მოსკოვს შორის სერიოზული უთანხმოება მოჰყვა, თურმე მთლიანად უკრაინის სპეცსამსახურის ნახელავი ყოფილა.

„ვაგნერელების“ ბელარუსში ჩაყვანა მიზნად ისახავდა, თურმე, არა ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციას საპრეზიდენტო არჩევნების წინ, არამედ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი რამდენიმე ათეული დაქირავებული მებრძოლის შემოვლითი გზით უკრაინაში „მოტყუებით ჩაყვანას“.

ჟურნალისტ გორდონისა და ანდრეი ბოჰდანის კითხვა-პასუხის მიხედვით „მოტყუებით ჩამოყვანის“ ოპერაცია ასე გამოიყურება: თვითმფრინავი, რომელშიც „ვაგნერელები“ ისხდნენ, უნდა დაესვათ მინსკში, შემდეგ გადაეფრინათ სტამბოლში, ხოლო გზად უნდა დაშვებულიყო უკრაინაში.

„და, აი, ნახე: ეს ოპერაცია წელიწადზე მეტი ხნისაა. ის იყო სუპერგასაიდუმლოებული და სუპერსერიოზული. ის დაანგრია ერთმა სატელეფონო ზარმა. და ადამიანმა, ვინც ეს სატელეფონო ზარი განახორციელა, - ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს ჩაიდინა“, - აცხადებს ბოჰდანი.

დმიტრი გორდონი: ვინ არის იგი?

ანდრეი ბოჰდანი: მე შენ ამას... ამას ძალიან მალე იტყვის ამ საქმის პროკურორი.

დმიტრი გორდონი: ანუ, ამ ადამიანმა ვიღაცას დაურეკა და უამბო ამ სპეცოპერაციის შესახებ?

ანდრეი ბოჰდანი: მე ვიცი, რომ ზარი იყო. მე ვიცი, ვინ დარეკა, სად დარეკა და ვის დაურეკა.

დმიტრი გორდონი: ეს ადამიანი პრეზიდენტის (ზელენსკის) გარემოცვიდანაა?

ანდრეი ბოჰდანი: ძალიან ახლო გარემოცვიდან.

დმიტრი გორდონი: რუსებს დაურეკა?

ანდრეი ბოჰდანი: მე ეს არ მითქვამს. არა.

დმიტრი გორდონი: ეს ყველაფერი გამოაშკარავდება?

ანდრეი ბოჰდანი: როდესმე აუცილებლად“.

არა „როდესმე“, არამედ ახლა, ამ საკითხის გარშემო ქვეყნის პრეზიდენტისაგან გადამჭრელ ქმედებებს მოითხოვენ უკრაინის ოპოზიციის „მძიმეწონოსნები“, ყოფილი გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო და უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსანდრ ტურჩინოვი.

10 სექტემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლუცენკო-ტურჩინოვის დუეტმა წარმოადგინა 2019-2020 წლების დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე 30 ივლისს კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერის“ 20 მებრძოლისთვის უნდა წარედგინათ ბრალდება ტერორიზმისა და სამხედრო დანაშაულების, ჯამში, 15 მძიმე სისხლის სამართლის, მუხლებით.

იური ლუცენკო მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს მონაწილეები იმ თათბირისა, რომლის შემდეგაც სპეცოპერაციის დეტალები ცნობილი გახდა რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურებისათვის და სპეცოპერაცია ჩავარდა.

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ხელს იშვერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისკენ. იგი არის რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი და „ნორმანდიის ფორმატში“ რეგულარულად მართავს შეხვედრებს რუსეთის მხარესთან ტყვეთა გაცვლისა და აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხების გარშემო.

ცნობისათვის, ბოჰდანსა და ერმაკს შორის ფარულ დაპირისპირებაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპირატესობას ამ უკანასკნელს მიანიჭა.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსანდრ ტურჩინოვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაანადგუროს ის მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები მართლა ამზადებდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების გადატაცების ოპერაციას.

ამ ფონზე, პოლიტიკურ ოპონენტებს საეჭვოდ მიაჩნიათ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ, „ვაგნერის“ წევრების დაკავების მიზნით დაგეგმილი სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელის, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსის, ვასილი ბურბას, თანამდებობიდან გადაყენება.

ეს მოხდა 5 აგვისტოს და, როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ბოჰდანი ამბობს, ამ პოსტზე დანიშნეს გამოუცდელი კირილ ბუდანოვი. „ნუ ბარემ ვინმე „კვარტალიდან“ (ლაპარაკი „სტუდია „კვარტალ 95“-ზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ვოლოდიმირ ზელენსკი - კ.ლ.) დაენიშნათ“, - ირონიულად შენიშნავს ანდრეი ბოჰდანი.

ამ დრომდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებებზე არც ვოლოდიმირ ზელენსკის გაუკეთებია კომენტარი და არც ანდრეი ერმაკს.

ზელენსკის გარემოცვის მისამართით გამოთქმულ სკანდალურ ბრალდებებს გამოეხმაურა მხოლოდ მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, ალექსანდრ კორნიენკო.

„საჭიროა, კომპეტენტური ორგანოები გაერკვნენ“, თუ რა ფაქტებს ფლობს ანდრეი ბოჰდანი, რომლის ინტერვიუ სავსეა „ფანტაზიითა და გამონაგონითო“, - აღნიშნა კორნიენკომ.

გარკვეულ ფაქტებს „ვაგნერის“ ჯგუფის წინააღმდეგ გამიზნული სპეცოპერაციის შესახებ ანდრეი ბოჰდანი ნამდვილად უნდა ფლობდეს. დამოუკიდებელი ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბოჰდანი ჯერ კიდევ აპარატის უფროსი იყო, როდესაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ვაგნერის“ ჯგუფის წევრთა „მოტყუებით ჩამოყვანის“ ოპერაცია ამოქმედდა.

„თუ საიდან უნდა ჰქონდა ბოჰდანს ეს ინფორმაცია, შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის შეფი ხელმძღვანელობს დაზვერვის კომიტეტს. ანუ მის ხელში გადის საკმაოდ მრავალფეროვანი ინფორმაცია. ამიტომაც გამოიძახეს ბოჰდანი გამოძიების სახელმწიფო ბიუროში. მაგრამ მე არავის ვურჩევდი, რომ ბოჰდანის მართლაც დიდი და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუდან ყველაფერი მიეღო სარწმუნოდ. მე ვფიქრობ, რომ ანდრეი ბოჰდანი სრულად არის პასუხისმგებელი ზელენსკის ხელისუფლებაში მოყვანაზე, სწორედ ის სთავაზობდა ზელენსკის „ტურბო-რეჟიმს“ და სხვა ამდაგვარ იდეებს“, - აცხადებს ევჰენ მაგდა, კიევში მოქმედი „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი.

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 წევრი ბელარუსში 28 ივლისს დააკავეს.

ბელარუსის ხელისუფლების მტკიცებით, დაქირავებულ „ვაგნერელებს“ უნდა მოეწყოთ დესტაბილიზაციის აქტები საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბელარუსის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა მოთხოვნა დაკავებულთა გადაცემის შესახებ.

მაგრამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ბელარუსმა დაკავებული რუსი მოქალაქეები გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკრაინის მიერ ძებნილი დაქირავებული მებრძოლების უდიდესი უმრავლესობა რუსეთში გაემგზავრა.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სახელი უკავშირდება „პუტინის მზარეულად“ ცნობილი მაგნატის, ევგენი პრიგოჟინის, სახელს. დაჯგუფების წევრები სხვადასხვა დროს საომარ ამოცანებს ასრულებდნენ სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია „ვაგნერის“ არსებობა.

კერძო სამხედრო კომპანია (კსკ)„ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG