Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი დაინფიცირდა


ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 10 ადამიანს. მათგან 7 ბავშვი და 1 ორსულია.

პაციენტები მოათავსეს კლინიკა „ბომონდში“, რომლის ერთი კორპუსი კოვიდ-ცენტრად ახლახან გადაკეთდა და პაციენტებს სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალი ემსახურება. ამავე კლინიკაში ქობულეთიდან გადაიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი.

„ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელმა, მამია ყიფიანმა.

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ბოლო დრომდე მკურნალობდნენ მხოლოდ ქალაქის ინფექციურ საავადმყოფოში. ახალი კოვიდ-ცენტრის გახსნა საჭირო გახდა "პედაგოგების კლასტერის" გამოვლენის შემდეგ. 10 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 20-ზე მეტ მასწავლებელს. ბოლო დღეებში ქუთაისში კორონავირუსის 70-ზე მეტი შემთხვევაა. უმეტესობა „პედაგოგების კლასტერს“ უკავშირდება.

დღეს დილით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG