Accessibility links

2-ჯერ გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა


საქართველოში ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო 9 თვეში თითქმის ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ბოლო კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს, 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, 19-დან 39 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. თითქმის ამის პროპორციულად შემცირდა (53%-დან 32%-მდე) იმ ადამიანების წილი, ვინც საპირისპიროს ფიქრობს.

ამავე პერიოდში შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება დემოკრატიასთან დაკავშირებითაც. 33-დან 38 პროცენტამდე გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა და 59-დან 37-მდე შემცირდა მოწინააღმდეგეთა რიცხვი.

საზოგადოებრივი აზრის ცვლილება დროში დაემთხვა კორონავირუსის პანდემიას და ამ პირობებში მთავრობის მიმართ პოზიტიურისკენ შეცვლილ დამოკიდებულებებს. მაგალითად, CRRC-ის ერთ-ერთი წინა კვლევის მიხედვით, თუკი ნოემბერ-დეკემბერში პრემიერ გიორგი გახარიას სარეიტინგო ქულა 21 იყო, მაისში ის უკვე 65 გახდა. 43-დან 69-მდე გაიზარდა პოლიციის შეფასების მაჩვენებელი, 9-დან 30-მდე - პარლამენტის, პრეზიდენტისა კი - 9-დან 25-მდე.

არჩევნებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების შესახებ კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა. სატელეფონო კვლევა 6 - 11 აგვისტოს შუალედში ჩატარდა და 2 045 ადამიანი წარმომადგენლობითი, მარტივი შერჩევით შეირჩა, ცდომილება 1-3 პროცენტია. პანდემიის გამო ორგანიზაციამ ბოლო კვლევა პირისპირ ინტერვიუს ნაცვლად სატელეფონო გამოკითხვით ჩაატარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG