Accessibility links

logo-print logo-print

"ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით ნავალნის მოწამვლა დაადასტურეს საფრანგეთის და შვეიცარიის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა


საფრანგეთის და შვეიცარიის ორმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ გერმანიის თხოვნით გამოიკვლია რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანალიზები. ლაბორატორიებმა დაადასტურეს გერმანიის არმიის, ბუნდესვერის, ლაბორატორიის დასკვნა, რომ ნავალნიზე ზემოქმედება იქონია მომწამვლელმა ნივთიერებამ, რომელიც შედის სამხედრო კლასის ნივთიერებების „ნოვიჩოკის“ ჯგუფში.

გერმანიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „სამმა ლაბორატორიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურა, რომ ნავალნის მოწამვლა გამოიწვია „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკურმა ნივთიერებამ“.

გავრცელებული ცნობით, გერმანიის მხარემ ნავალნისგან აღებული ანალიზის ნიმუშები გადასცა ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის ექსპერტებს, რათა ისინი შემოწმდეს მათ ლაბორატორიაში.

„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, განმარტოს, რა მოხდა. მჭიდრო კავშირში ვართ ევროპელ პარტნიორებთან და განვიხილავთ შემდგომ ნაბიჯებს“, წერია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

აგვისტოს ბოლოს, ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას, ნავალნი შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა საგანგაშო დაჯდომა განახორციელა ომსკში.

ომსკიდან ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ გადააფრინეს, სადაც გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება" მიუთითებდა, რომ ნავალნი საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტით იყო მოწამლული.

ოფიციალური მოსკოვი, ერთი მხრივ, უარყოფს ნავალნის მოწამვლის ფაქტს და მოჰყავს რუსი ექიმების დასკვნა, რომ ომსკში ნავალნის ორგანიზმში შხამის კვალს ვერ მიაგნეს. მეორე მხრივ, რუსეთი გერმანიას სთხოვს ნავალნის მდგომარების და მისი ანალიზების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ამტკიცებს, რომ ბერლინს არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა. ამ დროს რუსეთში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG