Accessibility links

site logo site logo

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ რუსეთთან "საზღვარი" გახსნა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და რუსეთის დამაკავშირებელი როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ გახსნა რუსეთთან ე.წ. საზღვარი, რომელიც აპრილიდან იყო დაკეტილი კორონავირუსის პანდემიის გამო.

დღეიდან, 15 სექტემბრიდან „სამხრეთ ოსეთში“ ჩასულებისთვის სავალდებულო აღარ არის 2-კვირიანი კარანტინიც. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებას ისევ ჩაკეტილი აქვს დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი.

დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, მაისიდან „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსი დაუდასტურდა 90 ადამიანს და ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთში იმყოფებოდა.

რუსეთი, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, ინფიცირებულთა რიცხვი მილიონს აჭარბებს, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი 1 აგვისტოდან გახსნა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ. აგვისტოში აფხაზეთში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ოკუპირებულ რეგიონში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა აპრილში დაადასტურეს, ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა, 31 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 593. აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 6 ადამიანი.

დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტილი აქვს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასაც, თუმცა, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობისგან განსხვავებით, "საზღვარს" პერიოდულად ხსნის "ჰუმანიტარული მიზნებით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG