Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის სამშობიარო სახლის მედპერსონალს სოლიდარობა გამოუცხადეს


რუსთავის სამშობიარო სახლის თანამშრომლებისთვის სახელფასო დავალიანების დაფარვა მოითხოვეს 15 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე, ხსენებული სამედიცინო დაწესებულების წინ, რომელიც რუსთავში დაფუძნებული „მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ ინიციატივით ჩატარდა.

აქციაში „არა მონობას“ ასევე მონაწილეობდნენ, მედიცინის მუშაკთა გაერთიანებული პროფკავშირის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ორგანიზაციის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ახალგაზრდული პროფესიული ორგანიზაცია „გილდიის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები.

„მშრომელთა სოლიდარობის კავშირის“ თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ სამშობიარო სახლის თანამშრომლებს, რომლებსაც მეათე თვეა ხელფასი არ აუღიათ, ეშინიათ საკუთარი უფლებების ხმამაღლა დაცვის.
„ეშინიათ, რომ გააგდებენ სამსახურიდან. ამის მიუხედავად, მოვუწოდებ მედმუშაკებს, ჩვენთან ერთად გამოხატონ პროტესტი“, - თქვა გიორგი ტყემალაძემ.

მედიცინის მუშაკთა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი ამირანაშვილმა აქციაზე თქვა, რომ „21-ე საუკუნეში სირცხვილია, რომ დასაქმებულ მედპერსონალს კუთვნილი ხელფასის შესახებ პროტესტის გამოთქმა უხდება, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ისინი სიტყვას ვერ იღებენ, ვერ ამბობენ იმ პრობლემებზე, რაც მათ ანაზღაურებას ეხება“.
ახალგაზრდული პროფესიული ორგანიზაცია „გილდიის“ თავმჯდომარემ გიგა ბექაურმა კი მედპერსონალს გაფიცვისკენ მოუწოდა.

„საქმე გვაქვს არა მხოლოდ კლასიკურ შრომით ურთიერთობების დარღვევასთან, აშკარაა მენეჯმენტის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულიც, რაც შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ“, - თქვა გიგა ბექაურმა.

აქციის მონაწილეებს სამშობიარო სახლიდან მხოლოდ კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ერთ-ერთმა მოითხოვა, რომ მონაწილეებს ტერიტორია დაეტოვებინათ, რამდენადაც კერძოა.
ამას მოჰყვა კამათი და სამშობიარო სახლიდან საპატრულო პოლიციის გამოძახება.
პოლიციის მოსვლის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG