Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 726-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი.

დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა 15 სექტემბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ ტესტირების შედეგად გამოვლენილია 52 ახალი შემთხვევა. აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 7 ადამიანი. ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, საერთო ჯამში 726 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებულია 192.

აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი და ტურისტების მიღება დაიწყეს. ოკუპირებულ რეგიონში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა აპრილში დაადასტურეს, ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა, 31 ივლისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 645.

15 სექტემბრიდან რუსეთთან „საზღვარი“ გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამაც, რომელსაც მაისის შემდეგ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 90 შემთხვევა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში 240 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 50 000.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG