Accessibility links

შერიფები, დანაწევრებული სუს-ი, ანტიკორუფციული პროკურატურა - ოპოზიციის რეფორმა


ხუთი ოპოზიციური პარტია, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი საქართველო“ შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ნდობის გაზრდის მიზნით, რეფორმებია საჭირო და 16 სექტემბერს, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ, ხელი მოაწერეს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურის სრულ ცვლილებას გულისხმობს.

როგორია გეგმა?


შინაგან საქმეთა სამინისტრო

  • პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;
  • თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;
  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა

  • ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;
  • პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;
  • ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

  • სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;
  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

რეფორმების ინიციატორი, პარტია „გირჩია“. რეფორმის მიზანი კი არის:

„საქართველოში აღარ არსებობდეს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა. აგურ-აგურ დაიშალოს უს სისტემა, რომელიც კომუნისტებმა ააშენეს და რომელიც დღემდე მართავს ქვეყანას და აშენდეს ახალი ქართული მართლმსაჯულების სისტემა“, - ასე გააცნო რეფორმის მთავარი არსი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ შეკრებილ ოპოზიციურ პარტიებსა და ჟურნალისტებს რეფორმის ერთ-ერთმა ინიციატორმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

უფრო კონკრეტულად კი მისი თქმით, მაგალითად, სისტემა, რომლის თანახმადაც, დღეს პოლიცია მკაცრად ცენტრალიზებული უწყებაა და მას ერთი, ე.წ. პირველი პოლიციელი, მინისტრი მართავს, შეიცვლება. რეფორმის მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, პოლიციის უფროსებს დანიშნავს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ პოლიციის უფროსის უფლებამოვალეობებს განახორციელებს შერიფი, რომელსაც მოქალაქეები, ფარული კენჭისყრით აირჩევენ. სისტემაში ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად კი შეიქმნება ბიურო, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.

დოკუმენტის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძეა, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავად იღებდა მონაწილეობას პოლიციის რეფორმაში, როგორც საქართველოში, ისე, უკრაინაში.

ხატია დეკანოიძე თვლის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის ფუნქციები, მაქსიმალურად უნდა გაიმიჯნოს ოპერატიული სამძებრო ფუნქციებისგან და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების წარმომადგენელი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელის თანამშრომლობა საზოგადოებასთან ღირსეულ ხასიათს ატარებდეს და პოლიციელები პოლიტიკურ ფიგურებს არ ემსახურებოდნენ. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, როგორც პოლიტიკური რეპრესიების პოლიცია, უნდა დასრულდეს და გაუქმდეს, ხოლო მის ბაზაზე უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სამსახური და კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, იმით იქნება დაკავებული, რომ დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება“.

„გირჩის“ მიერ ინიცირებული მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, პროკურატურის სისტემის რეფორმაა. დოკუმენტის კიდევ ერთი ხელმომწერი, გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს, რომ ამ რეფორმით, ქვეყანა დაემშვიდობება საბჭოთა პროკურატურის იმ მოდელს, როდესაც პროკურატურას აქვს როგორც გამოძიებაზე ზედამხედველობის და გამომძიებლის, ისე, სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება:

„დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ პროკურატურის სისტემის ცვლილებას, როდესაც, გამომძიებელი აღარ იქნება პროკურატურაში, გამოძიების ზედამხედველობის უფლება აღარ ექნება პროკურორს, ისევე, როგორც ეს არის დასავლეთში. ჩვენ მათ კონკურენციას შევუქმნით სასამართლოში წარმომადგენლობაზე. დაზარალებულს ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი ადვოკატი, როგორც საპროკურორო უფლებამოსილების მქონე პირი, ჩართოს კონკრეტულ საქმეში“.

ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი მართლმსაჯულების რეფორმის დოკუმენტის პათოსი და მიზნები, სრულად მისაღებია EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, გურამ იმნაძისთვის. თუმცა, მას დოკუმენტით გათვალისწინებულ მთელ რიგ საკითხებზე კითხვები უჩნდება.

EMC-იმ მართლმსაჯულების რეფორმის ხედვა და რეკომენდაციები ოპოზიციურ პარტიებს 9 სექტემბერს გააცნო, თუმცა, გურამ იმნაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეფორმის საბოლოო დოკუმენტს, ისინი 16 სექტემბერს, მედიის საშუალებით გაეცნენ. ამიტომ ფიქრობს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში უფრო აქტიურად ჩაერთვებოდნენ დარგის სპეციალისტები. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა წარადგინეს, ზოგადია და ლოგიკურია, რომ ჩნდება კითხვის ნიშნებიც.

„დიახ, ნამდვილად პრობლემურია ამ უწყებების პოლიზიტირების მაღალი ხარისხი, დასაბალანსებელია ყველა ამ უწყების ხელმძღვანელების ძალაუფლება, როგორც გენერალური პროკურორის, ისე შს მინისტრის და სუს-ის უფროსის, რაც საბოლოოდ სრულად პოლიტიზირებულ სისტემას ქმნის. რაც შეეხება ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, მათი ნაწილი ჩვენთვის გასაზიარებელია, თუმცა, ნაწილი საკმაოდ ბუნდოვანია“.

გურამ იმნაძეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს უჩენს დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გულისხმობს შერიფის ინსტიტუტის შემოღებას და მის აღჭურვას ისეთი უფლებამოსილებებით, როგორიც არის ნებისმიერ დანაშაულთან ბრძოლა, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომლებიც ცდება კონკრეტულ ტერიტორიულ დანაყოფებს. მისი თქმით, შერიფის ინსტიტუტზე მსჯელობა საერთო კონტექსტის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს:

„შეუძლებელია ვილაპარაკოთ ამ ინსტიტუტის შემოღებით მიღწეულ შესაძლო პოზიტიურ ცვლილებებზე, თუკი არ გვექნება კონკრეტული ხედვა, ვის მიმართ იქნება ეს თანამდებობის პირი ანგარიშვალდებული, რა კონკრეტული ძალაუფლებები ექნება მას, შეეძლება თუ არა მას განსაზღვროს დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა და ა.შ. დღევანდელი საკანონმდებლო ინსტიტუციური მოწყობით, დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი. როდესაც საუბარია შერიფის ინსტიტუტის შემოღებაზე, ამ ხედვაში ყველა კითხვაზე უნდა იყოს პასუხი გაცემული. იგივე, თუკი შერიფის ხელში იქნება სერიოზული ბერკეტები, მაგრამ არ იქნება განსაზღვრული მისი ანგარიშვალდებულების ძალიან ზუსტი მექანიზმები, აქ ჩნდება რისკები, რომ ადგილობრივ დონეზე მივიღოთ დაუბალანსებლად დიდი ძალაუფლების მქონე თანამდებობის პირი, რომლის კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის გადაუჭრელი საკითხიც, რაც ჩვენს ქვეყანაში წლებია არსებობს - როდესაც თვითმმართველობის რეფორმა აბსოლუტურად მივიწყებულია. ამიტომაც თუკი ასეთი დიდი რეფორმის განხორციელება გვინდა".

რაც შეეხება კიდევ ერთ მთავარ ცვლილებას, ამჯერად უკვე პროკურატურის მიმართულებით, გურამ იმნაძე სრულად იზიარებს ოპოზიციური პარტიების ხედვას იმის თაობაზე, რომ გამოძიების დროს შესამცირებელია საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციები.

ხოლო მოსაზრებას, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულში დაზარალებულ მხარეს, საშუალება ეძლევა თავად გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი ინტერესების დამცველი სასამართლოში, პროკურორი თუ მის მიერ არჩეული ადვოკატი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ ერთი შეხედვით, ეს შეიძლება კეთილშობილური მიზნისკენ მიმართული ცვლილება იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ამ ცვლილებას ბევრი რისკი ახლავს თან:

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანაშაულებრივი ქმედება მიემართება არა მარტო დაზარალებულს, არამედ ის არის საზოგადოებისკენ, სახელმწიფოსკენ მიმართული ქცევა. ამიტომ, ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ დანაშაულთან სახელმწიფოს არაფერი ესაქმება და დაზარალებულს შეუძლია ავტონომიურად გადაწყვიტოს ეს კონფლიქტი, მართებული არ არის. ასეთი რადიკალური ცვლილება რამდენიმე მიმართულებით აჩენს საფრთხეს, ერთი, რომ სახელმწიფო მთლიანად იხსნება ამ პროცესიდან და ვფიქრობ, პოლიტიკის დონეზეა არასწორი ეს გადაწყვეტილება და მეორე, ჩვენ, წარსულში, გვაქვს კერძო ბრალდების ინსტიტუტის გამოცდილება, რაც გულისხმობდა იმას, რომ დაზარალებულის პირად გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, მაგალითად, როგორ იმოქმედებდა პროკურატურა ამა თუ იმ საქმეში. ასეთი ინსტიტუტის არსებობა აჩენდა რისკს, რომ ბრალდებულის დაცვის მხარეს ეწარმოებინა კერძო მოლაპარაკებები დაზარალებულთან, განეხორციელებინა სხვადასხვა ფორმის იძულება, რისი მიზანიც იყო, რომ საბოლოოდ, დაზარალებულს უარი ეთქვა სასამართლოში საქმის ბოლომდე მიყვანაზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მარტივი გამოსავლის პოვნა, არ არის სწორი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი საადვოკატო კორპუსი ცალკე გამოწვევას წარმოადგენს“.

უნდა დაიშალოს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? ამ კითხვაზე, გურამ იმნაძე გვპასუხობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანუ სუს-ი, იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ფუნქციონირებს, ცალსახად დასაშლელია. მისი თქმით, ის უფლებამოსილებები, რითაც დღეს სუს-ი სარგებლობს, სრულიად გაუმართლებელია. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ საბოლოოდ, როგორი არქიტექტურით შეიძლება ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების სამსახურები, ამის ერთი, უნივერსალური ხედვა არ არსებობს:

„პოლიტიკური პარტიები გვთავაზობენ, რომ სუს-ი საერთოდ დაიშალოს რამდენიმე უწყებად, რაც ნამდვილად შეიძლება გამართლებული მოდელი იყოს, მაგრამ მთავარია, რომ უფლებამოსილებები ზუსტად იყოს განსაზღვრული. გაუმართლებელია, როდესაც უსაფრთხოების სამსახურები ამავდროულად სარგებლობენ საგამოძიებო კომპეტენციით და ოპერატიული ფუნქციებით, რადგან სამსახურებს, რომლებიც ახორციელებენ კონტრდაზვერვით საქმიანობას, ძალიან დიდ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. აღსანიშნავია, რომ ფარული მიყურადება-მოსმენა იქნება თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ძალიან დაბალი სტანდარტით და ჩვენ არ ვართ დაზღვეული, რომ ეს ინფორმაცია ერთი ხელიდან მეორე ხელში არ გადადის. ოპოზიციურ პარტიების მიერ დაწერილ დოკუმენტში, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე, არ არის განსაზღვრული ანგარიშვალდებულების მექანიზმები. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთ ყველაზე დახურულ უწყებას წარმოადგენს, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ რეფორმის შედეგად შექმნილი უწყება, რომელსაც თუნდაც დაბალი უფლებამოსილებები ექნება, გამჭვირვალე გახდება. ასეთ სიტუაციაში, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმით განხორციელდება ამ სამსახურზე გარე კონტროლი".

„გირჩი“ ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში, ისინი სხვა პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურად მიმართავენ, რათა დოკუმენტმა მაქსიმალურად მეტი პარტიის ხელმოწერა მოიპოვოს. იაგო ხვიჩიას თქმით, ძალიან მალე, მართლმსაჯულების რეფორმა დისკუსიის საგანი გახდება სამეცნიერო და იურიდიულ წრეებში და იმედოვნებს, რომ დარგის სპეციალისტები, მათ შორის, ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG