Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენების უკან აშშ დგას


ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ აშშ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა დაადანაშაულა ბელარუსის „განადგურების სცენარის“ შემუშავებასა და რეალიზაციაში და „აგრესიაში“. სავარაუდოდ, მან იგულისხმა მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება ქვეყანაში. მისი მონაწილეები აპროტესტებენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას და პოლიციის მხრიდან ძალადობას.

ოთხშაბათს ლუკაშენკა შეხვდა თავის მომხრეებს - ქვეყნის „პოლიტიკურ აქტივს“.

ლუკაშენკას თქმით, აშშ და მისი მომხრეები ამჟამინდელი სიტუაციისთვის „უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ“. საპროტესტო აქციების მომზადებისთვის ბელარუსის პრეზიდენტი ბრალს სდებს ამერიკის „ეგრეთ წოდებული დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდების ქსელს“, ასევე ჩეხეთს, პოლონეთსა და ლიეტუვას.

უკრაინა „პროვოკაციების ფორპოსტად იქცა“, თქვა ლუკაშენკამ და დაიჩივლა, რომ ბელარუსი კიევს „მუდამ მხარს უჭერდა“, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. მინსკი ფორმალურად არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, თუმცა გაეროში ყირიმის თემაზე კენჭისყრისას რუსეთის მიმართ სოლიდარობას ავლენს.

ბელარუსის პრეზიდენტის თანახმად, მისი ოპონენტები ცდილობენ, „ფერადი რევოლუცია“ მოაწყონ „ამერიკული სახელმძღვანელოს“ მიხედვით, მაგრამ, მისი თქმით, ეს მათ არ გამოუვიდათ. ლუკაშენკამ ილაპარაკა ახალი კონსტიტუციის აუცილებლობაზე, რომლითაც მომავალში შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. ოპოზიცია დაუყოვნებლივ ითხოვს ახალ არჩევნებს და აცხადებს, რომ ლუკაშენკამ დაკარგა ლეგიტიმურობა.

ლუკაშენკა მინსკში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ახალი სახის იარაღის მიწოდება სთხოვა, ასევე გამოვიდა წინადადებით, ახალი სამხედრო წვრთნა გაიმართოს ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე რუსულ-ბელარუსული სწავლების დასრულების შემდეგ.

14 სექტემბერს ლუკაშენკა სოჭში პირისპირ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მან ამ შეხვედრაზეც ისაუბრა ბელარუსის საქმეებში დასავლეთის მხრიდან ჩარევის ვერსიაზე.

XS
SM
MD
LG