Accessibility links

კელი დეგნანი სამწუხაროს უწოდებს ამომრჩეველთა დაშინების შესახებ ინციდენტებს


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სამწუხაროა, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების თაობაზე ვრცელდება ინფორმაცია. მისი სიტყვებით, საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებული ცვლილებების აღსრულება მთავარი საკითხია და ამისთვის გააგრძელებს წინასაარჩვენო გარემოზე დაკვირვებას.

„ჩვენ ახლოს ვეცნობით სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ და სხვების წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიშებს. რასაკვირველია, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გვესმის ისეთი ინციდენტების შესახებ, როგორიცაა ამომრჩევლის დაშინება, როდესაც ადამიანებზე ზეწოლით ცდილობენ მის არჩევანზე გავლენის მოხდენას. საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ ზაფხულს, რომ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა გაეტარებინა და დაემტკიცებინა საკანონმდებლო დონეზე. როგორც ვამბობდით, მთავარია აღსრულება. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან ახლო დაკვირვებას და ვიმუშავებთ მჭიდროდ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა სწრაფად მოხდეს რეაგირება, კანონის დარღვევის შესახებ ინფორმირების შემთხვევაში ან ნებისმიერი ისეთი გამოვლინების შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია ისეთი სამუშაო პირობების დაცვა, რომლითაც არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ თავად არჩევნებში მონაწილეების და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა ჯანმრთელობაც იქნება დაცული.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი ღონისძიებები გატარდება და ცესკომ ამისთვის უკვე გადადგა ნაბიჯები.

კელი დეგნანის თქმით, ასევე მნიშველოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს ყველა პარტიის საარჩევნო პლატფორმის შესახებ. მისი განმარტებით, შეერთებულ შტატებში პარტიებს შორის განსხვავების დასანახად ძალიან კარგი საშუალებაა პოლიტიკური დებატები.

„მე მოვუწოდებდი ყველა კანდიდატს, ყველა პარტიას, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა ამომრჩეველი იყოს კარგად ინფორმირებული იმ არჩევნის შესახებ, რომელიც უნდა გააკეთოს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ასევე ნახეთ: ლომჯარია დეგნანს ელაპარაკა ამომრჩევლის მოსყიდვისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევებზე

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისთვის ამომრჩევლის იძულება-დაშინება 3 წლამდე პატიმრობითაც დაისჯება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG