Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში იკვლევენ კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლის კონტაქტებს


ლაგოდეხში კორონავირუსი დაუდასტურდა მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნუნუ ნოზაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსწავლის ინფიცირების წყარო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა, კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდგინდა. მეორე დღეს ვირუსი დაუდასტურდა მისი ოჯახის წევრებსაც.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ ყოფილა, თუმცა მეგობრებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა დაბადების დღის წვეულებაზე. ამ ეტაპზე მოძიებულია მოზარდის 14 კონტაქტი და ეს პროცესი გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 15 სექტემბერს, სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით და დამატებითი ზომების მისაღებად ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის, თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლესთან კონტაქტი ჰქონდა ორ თანაკლასელს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან.

11 სექტემბრიდან კახეთში გამოვლენილია კორონავირუსის 29 შემთხვევა. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 13, გურჯაანის სოფელ ველისციხეში - 7, ლაგოდეხში - 7 და სიღნაღში - 2.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG