Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა კალიურანდი: პოლიტიკურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოში არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება


საქართველოში შეიმჩნევა „უკიდურესი პოლარიზაცია“ კარს მომდგარი საპარლამენტო არჩევნების წინ, -აცხადებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რათა ყველაფერი იღონონ, საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარებისათვის.

„ცხადია, ერთი წლის წინ ჩვენი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი [არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე]. მაგრამ, მსურს კვლავ გავიმეორო, რომ საქართველოს საპარლამენტო ძალებმა ერთობლივი ძალისხმევით ამ ზაფხულში დაამატკიცეს საკონსტიტუციო ცვლილება საარჩევნო კოდექსში. ახლა საქართველო წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფება. ეს პერიოდი ყველა ქვეყანაში რთულია. ბრიუსელიდან როცა ვაკვირდები, ვხედავ უკიდურეს პოლარიზებას. თუ ჩვენს კონფერენციას დღეს საქართველოდან ვინმე უსმენს, მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, (როცა ვამბობ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვგულისხმობ ოპოზიციასაც), რათა ყველაფერი იღონონ, რომ უზრუნველყონ მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ჩვენ მიჩვეული ვართ იმის გაგონებას, რომ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დამიჯერეთ, ეს არჩევნები საქართველოს მომავალს განსაზღვრავს მრავალი მომდევნო წლის მანძილზე. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ, ღიად და სამართლიანად“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სახელწოდებით: „ადგას თუ არა სწორ გზას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია?“.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველო უეჭველად არის ლიდერი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის, მაგრამ კვლავ არსებობს ზოგიერთი გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც უკავშირდება „კანონის უზენაესობას, უმცირესობათა უფლებებსა და გარემოს დაცვის სფეროებს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

„გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა ასევე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

საქართველო წარმატებით განაგრძობს სამხედრო სფეროს რეფორმირებას და ნატოს ყველა წევრი ქვეყანა, ისევე როგორც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს, კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის შესაძლო გაწევრიანებას ალიანსის რიგებში, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ და დასძინა, რომ მომავალი წევრების მიღების თაობაზე ალიანსის შიგნით პოლიტიკური კონსენსუსი ჯერჯერობით არ არსებობს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG