Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დააპატიმრეს უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ კოორდინატორი


მარია რაბკოვა
მარია რაბკოვა

მინსკში 17 სექტემბერს გვიან ღამით დააკავეს ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ კოორდინატორი, მარია რაბკოვა, რომლის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

გავრცელებული ცნობით, დაკავება განახორციელეს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა.

ოპერატიულმა ჯგუფმა უკვე გაჩხრიკა რაბკოვას ბინა, საიდანაც ამოიღეს ფული, ტექნიკა და პირადი ნივთები. ხუთშაბათ ღამეს დააკავეს უფლებადამცველის ქმარი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

თავისი საქმიანობის ფარგლებში მარია რაბკოვა, „ვიასნას“ სხვა მოხალისეებთან ერთად, აკვირდებოდა სამშვიდობო შეკრებებს, აქტიურად მონაწილეობდა კამპანიაში „დამოუკიდებელი უფლებადამცველები დამოუკიდებელი არჩევნებისათვის“ და ასევე აგროვებდა აქციის მონაწილეთა წამებისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის დამადასტურებელ ფაქტებს.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

მასობრივი მღელვარება მოჰყვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმათა 80%-ით არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, გამოცხადებას.

საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს. გაეროს თანახმად, არეულობის დროს დაიღუპა 4 ადამიანი. კიდევ 8 მოქალაქის ადგილსამყოფელი უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG