Accessibility links

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ


2018 წლის 27 აგვისტოს კანცელარიასთან გამართული აქცია

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი  მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის  გამკაცრებული  რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება.

იმ უნივერსიტეტების უმრავლესობას, სადაც უცხოელი სტუდენტები სწავლობენ, ახალი ვალდებულებები გამოუჩნდათ, დაწყებული ჩარტერულ რეისებში სტუდენტების განთავსებით და დამთავრებული სადაზღვევო პაკეტებით. ამას ემატება საკარანტინო სივრცეებში სტუდენტების ესკორტით ტრანსპორტირება და PCR-ტესტირება COVID-19-ზე.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელსაც ინდოეთიდან ასამდე სტუდენტი ჰყავს ჩამოსაყვანი საქართველოში სწავლის დაწყებამდე ისე, რომ ჯერ არა აქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე, რამდენად შეძლებენ ისინი აქაურ ფიზიკურ გარემოში სწავლას. ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუკი ოქტომბრის შემდეგაც დისტანციური სწავლა იქნება სავალდებულო და უნივერსიტეტებში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაიშლება, აღმოჩნდება, რომ ხარჯი, რომელიც სტუდენტებმა საქართველოში ჩამოსასვლელად გასწიეს, ფუჭი იყო. სწორედ ამ გაურკვეველი მდგომარეობის გამო სტუდენტების ნაწილი სტატუსის შეჩერებასა და აკადემიური წლის აღებაზე ფიქრობს:

„ამ სტუდენტებმა შემოდგომის სემესტრის შემდეგ დატოვეს საქართველო და ზამთრის არდადეგებზე დაბრუნდნენ სამშობლოში. ფრენების შეზღუდვის და პანდემიის გამო გაზაფხულის სემესტრი დისტანციურად ისწავლეს. ახლა ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ეს სემესტრი. გვინდა, რომ შერეული მაინც იყოს და იმ სტუდენტებს, ვინც ფიზიკურად ვერ იქნება ლექციებზე, ონლაინ ჩართვის საშუალება მივცეთ. ამისათვის აუდიტორიები გვინდა, რომ ხმოვანი სისტემებით აღვჭურვოთ, რაც უნივერსიტეტისთვის, რა თქმა უნდა, დამატებითი ხარჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ სერვისის შეთავაზება შევძლოთ სტუდენტებისთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თეა იმედაძემ, რომელიც გვიხსნის, რომ ყველა სპეციალობას თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითად, ჯანდაცვის ფაკულტეტზე, სადაც პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკული საგნებია, მხოლოდ დისტანციური სწავლების შემოღება პროცესს აფერხებს.

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, უცხოელი სტუდენტი საქართველოში სწავლის დაწყებამდე თვითონ ფარავს როგორც ფრენის, ასევე 8-დღიანი სავალდებული კარანტინის და ორჯერ PCR-ტესტის ჩატარების ღირებულებას. ასევე, აქვს ვალდებულება, ჰქონდეს ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი, რომელიც აუცილებლად 100 %-ით უნდა ფარავდეს COVID-19-თან დაკავშირებულ მომსახურებას. ეს ვალდებულებები საშუალოდ 1000 დოლარით ზრდის სტუდენტის ხარჯებს სასწავლო წლის დასაწყისში.

„რეგულაცია საკმაოდ რთული და მკაცრია. რაც უნივერსიტეტებისთვის სირთულეს წარმოადგენს ამ შემთხვევაში, არის მთელი ამ პროცესის ადმინისტრირება: საკარანტინო სივრცეების შერჩევა, მათთან ხელშეკრულებების გაფორმება, ტესტების ორგანიზება, აეროპორტიდან საკარანტინო სივრცეებამდე სტუდენტების ტრანსპორტირება. ჩარტერული რეისების ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე რეგულარულ რეისებზე ფრენების, ე.წ. კოვიდდაზღვევაც უფრო ძვირია, ვიდრე ის დაზღვევა, რომელიც აქამდე ჰქონდათ - ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორებია. იმ სეგმენტის სტუდენტებისთვის, ვინც საქართველოში მოდის, ეს ყველაფერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯია”, - ამბობს თეა იმედაძე.

სანამ უცხოელი სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტისკენ გაძვირებულ და გართულებულ გზას დაადგება, აუცილებელია, ქვეყანაში შემოსვლის ნებართვის მოსაპოვებლად stopcov.ge-ზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა შეავსოს, რომლის დამზადებაც განათლების სამინისტრომ სექტემბრის დასაწყისში შეუკვეთა. ეს ფორმა 25 000 ლარი დაჯდა და მისი საჭიროება განათლების სამინისტრომ მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში დაინახა.

გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა უცხოელი სტუდენტებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ პირთა ორგანიზებულად ჩამოსვლის საკითხი” მაშინ, როცა ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო წელი უკვე დაწყებული იყო.

ამ სარეგისტრაციო ფორმის საშუალებით იძლევა სახელმწიფო თანხმობას კონკრეტული პირის ჩამოსვლაზე, ამბობს უარს და იცის, რომელი ქვეყნიდან რამდენი სტუდენტი ჩამოდის კონკრეტულ უნივერსიტეტებში. ამ მონაცემებით შეიძლება, მაგალითად, ჩარტერული რეისების განრიგების დაგეგმვა, ნაკადების გაზომვა და დათვლა, რამდენი სტუდენტია შემოსაყვანი სწავლის დაწყებამდე ქვეყანაში.

მიუხედავად აპლიკაციის არსებობისა, განათლების სამინისტროში უჭირთ თქვან, რა რაოდენობის უცხოელი სტუდენტების შემოსვლაა დაგეგმილი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებამდე და თუ ვინმეს ეთქვა უარი, რა გახდა ამის მიზეზი. ამ დროისთვის არც იმ ჩარტერული რეისების განრიგია ცნობილი, რომლებმაც ათასობით სტუდენტი საქართველოში უნდა ჩამოიყვანოს.

კომუნიკაციის პრობლემა და რეგულაციების განახლება მაშინ, როცა სასწავლო პროცესი, ფაქტობრივად, იწყებოდა, სირთულეებს ქმნის უმაღლეს სასწავლებლებში პროცესის ორგანიზებისას. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედიასკოლის დეკანი ნინა ივანიშვილი გვიყვება, რომ უნივერსიტეტმა მთელი ზაფხულის განმავლობაში ვერ შეძლო კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მიღება შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან. კითხვები ახალ წესებსა და რეგულაციებს შეეხებოდა და, მათ შორის, მოიცავდა უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოყვანის პროცედურებსაც.

„თადარიგის დაჭერა დავიწყეთ ძალიან ადრე. ივნისში დავიწყეთ უკვე იმაზე ფიქრი, როგორ შემოვიყვანდით ჩვენს სტუდენტებს. ივლისში არაფერი არ გაირკვა. გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ ელოდებიან რეგულაციებს. ვრეკავდით, ვწერდით წერილებს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაკონიურ პასუხებს ვიღებდით სხვადასხვა უწყებიდან, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთთანაც არ იყვნენ კოორდინაციაში. აგვისტოს შუა რიცხვებში მივიღეთ რეგულაციები, რომლებიც არცთუ ისე ადვილად შესასრულებელია”, - ამბობს ნინა ივანიშვილი. ჯიპაში მისი უცხოელი სტუდენტების სწავლის, კარანტინის, ტესტირების და საქართველოში ცხოვრების ხარჯებს ამერიკის საელჩოს სტიპენდია ფარავს, რაც სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვები მაინც არსებობს. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს ვერ ეუბნება, რა სტატუსით და როგორ უნდა შემოვიდნენ სტუდენტების ოჯახის წევრები, რომელთა ცხოვრების ხარჯებსაც ამერიკის მთავრობა ისტუმრებს.

„სწავლა უნდა დავიწყოთ 28 ოქტომბერს. იმედია, მანამდე მივიღებთ პასუხებს და არ მოგვიწევს ოჯახების დაშლა. ეს ადამიანის უფლებების შეზღუდვაა”, - გვითხრა ნინა ივანიშვილმა.

ყველა ის უნივერსიტეტი, სადაც საერთაშორისო პროგრამები ხორციელდება და უცხოელი სტუდენტები სწავლობენ, ამბობს, რომ ეს მათი საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. უცხოელი სტუდენტების უკან სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი, მარკეტინგული კომპანიები, დიპლომატიური ურთიერთობები, შუამავალი კომპანიები დგას და თუკი ქვეყანა, თუნდაც ერთი წლით, არსებულ პროგრამებს შეაჩერებს ან ხარვეზებით ჩაატარებს, წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის შედეგები შესაძლოა დაიკარგოს და უნივერსიტეტებს პოსტპანდემიურ ხანაში თავიდან მოუწიოთ უცხოელი სტუდენტების ნდობის მოპოვება.

2020 წლის ზაფხული ისედაც რთული იყო, მაგალითად, ახალი ინდოელი სტუდენტების მოსაზიდად, იქ არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით - შუამავალმა კომპანიებმა მუშაობა ვერ შეძლეს, სტუდენტებმა - შესაბამისი გამოცდების ჩაბარება, უნივერსიტეტებმა - მარკეტინგული კამპანიების ჩატარება და, შესაბამისად, ამ წელს ახალი ნაკადი არ არის. პანდემიამვე შეაფერხა ალტერნატიული გზების ძებნა და სხვა ქვეყნებთან კონტაქტების გაღრმავება. შესაბამისად, არსებული სტუდენტების შენარჩუნება და მათთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

2017 წლის მონაცემებით, ერთი უცხოეული სტუდენტი საშუალოდ 8 000 დოლარამდე ხარჯავდა წელიწადში. 200 000 მილიონ ლარამდე შემოსავალი, რაც ამ დროს შემოდიოდა აქ ჩამოსული სტუდენტებისგან, საქართველოს მშპ-ს 0,6 % და მომსახურების ექსპორტის 6% იყო. მას შემდეგ ლარი დოლართან შედარებით გაუფასურდა, უცხოელი სტუდენტების რიცხვი გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა გაცილებით მეტი ლარი შემოდის ბიუჯეტში უცხოელი სტუდენტებისგან. მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებს ირჩევენ, ძირითადად ორია: უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და ხელმისაწვდომი სწავლის გადასახადი. ამ სფეროში საქართველოს კონკურენციას უკრაინა, სომხეთი, რუსეთი და ჩინეთი უწევენ და თუკი ახლა უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარებით ბევრად მიმზიდველად გამოიყურება კონკურენტებთან შედარებით, მომდევნო წლებში უფრო დიდმა და უკეთ ნაცნობმა ქვეყნებმა მისაღები ფასით შესაძლოა უფრო ადვილად მიიზიდონ სტუდენტები.

საქართველოში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას - საქსტატის მონაცემებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტების უმეტესობა კერძო უნივერსიტეტს ირჩევს სასწავლებლად. 2019-2020 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 4 429, კერძო უნივერსიტეტებში კი 8 898 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.

კვლევამ, რომელიც უცხოელი სტუდენტების გავლენას სწავლობდა ქართულ ეკონომიკაზე, 2017 წელს აჩვენა, რომ უცხოელ სტუდენტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში, ასევე უნივერსიტეტების განვითარებაში. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასური ქართულ უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებში და განავითარონ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები.

სექტემბერში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო სასწავლო პროცესი ყველა სასწავლო დაწესებულებაში 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. არსებობს შიში, რომ დაკეტილი შენობები არც ოქტომბერში გაიხსნება. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილს სწავლა ჯერ არ დაუწყია. გასაკეთებელია არჩევანიც, სწავლის რა მოდელს აირჩევენ უნივერსიტეტები შემოდგომის სემესტრისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG