Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე მეტყველებს ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქართული ანბანის კვალი


რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა ითუმ-ყალის რაიონში იპოვეს ქვა, რომელიც შუა საუკუნეებს განეკუთვნება და მასზე არსებული წარწერა ქართული ასომთავრული დამწერლობის ნიმუშია.

აღმოჩენის შესახებ ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აზამატ ახმაროვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი, ქართველოლოგი მიხეილ ლაბაძე, რომელმაც პირველმა წაიკითხა ჩეჩნეთში აღმოჩენილ ქვაზე დატანილი ასომთავრულით შესრულებული წარწერა, ამბობს, რომ აღმოჩენა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ საბჭოთა მეცნიერების ნარატივს აცლის საფუძველს, რომლის თანახმადაც, ჩრდილოკავკასიური ენები უმწერლობო ენებად იყო გამოცხადებული.

არქეოლოგიური აღმოჩენა, მისი თქმით, სულ ცოტა, იმას ცხადყოფს, რომ ჩრდილო კავკასიის ხალხები ქართულ ანბანს ნამდვილად იყენებდნენ.

აზამატ ახმაროვი ქართველ მეცნიერს მიხეილ ლაბაძეს თავად დაუკავშირდა და არქეოლოგიური აღმოჩენის გაშიფვრაში დახმარება სთხოვა. როგორც მიხეილ ლაბაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ახმაროვთან ადრინდელი ნაცნობობა აკავშირებდა.

რამდენიმე წლის წინ ჩეჩენ მეცნიერთა ჯგუფს ჟურნალში „ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები“ სტატიის გამოქვეყნება სურდა 70-იან წლებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქართული ასომთავრულით შესრულებული წარწერების თაობაზე. სწორედ მაშინ შედგა პირველი ნაცნობობა.

მიხეილ ლაბაძე
მიხეილ ლაბაძე

2015 წელს ჩრდილო კავკასიიდან, დაღესტნიდან იყო ჩამოსული დაღესტნელი ისტორიკოსი შაჰბან ჰაფიზოვი, რომელმაც დაღესტნიდან 100 ცალი ქართული წარწერა ჩამოიტანა, თავისი და სხვადასხვა მკვლევრის მიერ მიკვლეული და შესწავლილი, ამ წარწერების საფუძველზე დაწერა სტატია. სტატიაში საუბარი იყო ჩვენს მოსაზღვრე მხარეებში, ხუნძეთში (დაღესტანი) ქვის ჯვრებსა და ქვებზე აღმოჩენილი ქართული წარწერების შესახებ. როდესაც ეს სტატია გამოქვეყნდა, ჩვენს უნივერსიტეტს [წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი] დაუკავშირდა ორი ჩეჩენი მეცნიერი, სულთან ისაევი და აზამატ ახმაროვი, მათ გვამცნეს, რომ ჩეჩნეთში, ჩვენს მოსაზღვრე ითუმ-ყალის რაიონში და შატოის რაიონშიც იყო აღმოჩენილი ასეთი წარწერები, მაგრამ დაღესტანში აღმოჩენილისგან განსხვავებით, გაბმული წარწერები არ ყოფილა, იყო ფრაგმენტული წარწერები და საკუთარი სახელები ჭურჭლებზე, ქვებზე და ა.შ.“, - ჰყვება მიხეილ ლაბაძე.

საგულისხმოა, რომ ჩეჩნურ საკუთარ სახელებთან ერთად, 70-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას მიკვლეულ ქვაზე, იკითხებოდა ქართული სახელის „თამარის“ შემოკლებული ვარიანტი.

„ერთ-ერთ ქვაზე ეწერა სიტყვა „თამრ“, შემოკლების ნიშანი იყო გამოსახული და შეიძლება ყოფილიყო „თამარ“, მაგრამ ვინ იყო ეს „თამარი“ და რატომ იყო ეს წარწერა იქ, ჩვენ ამაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ამ კვლევა-ძიებაში ოფიციალურად ჩართულები არ ვართ, ჩვენ მათ მოგვმართეს იმიტომ, რომ უნდოდათ ჩვენს ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება ამ წარწერებზე და ახლაც იგივე მიზნით დაგვიკავშირდნენ, რომ ამ ჟურნალში გამოაქვეყნონ თავისი ნაშრომი და კონსულტაციის დონეზე ვთანამშრომლობთ“, - ამბობს მიხეილ ლაბაძე.

როგორც ჩეჩენი არქეოლოგი აზამატ ახმაროვი უყვება რადიო თავისუფლებას, ჩეჩნეთში ქართული ასომთავრულის გამოყენებით დაწერილი ჩეჩნური სიტყვები პირველად 1975 წელს წელს ცოი-ფხედის (მკვდრების ქალაქის) არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს - ხის თასზე ქართული ასომთავრულით იკითხებოდა ჩეჩნური სახელი „გიზეგო“.

1976 წელს იმავე კომპლექსში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას იპოვეს თიხის ფინჯანი, რომელზეც ეწერა სახელი „მადაი“, რაც ასევე ჩეჩნური სახელია.

შემდგომში ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევების ცენტრმა ჩატარებული გათხრებისას ზუმსოიში, მიაკვლია სამი ქვის ბლოკს წარწერით - „მე ცოდვა არ ჩამიდენია“.

აზამატ ახმაროვი
აზამატ ახმაროვი

ერთ-ერთ ბლოკზე წარწერაა „მე ცოდვა არ ჩამიდენია, ამასთანავე, არის ბლოკი, სადაც წერია „თამრ“, ეს ძალიან ცნობილი და პოპულარული სახელია, ვიცით, რომ საქართველოს მეფე იყო თამარი და წარწერის ფორმა შეესაბამება მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებს“, - ამბობს აზამატ ახმაროვი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

რაც შეეხება ახალ აღმოჩენას, ქვა იპოვეს ჩეჩნეთის სოფელ ბაულოიში ითუმ-ყალის რაიონში, შატილიდან 20-30 კილომეტრის მანძილზე, დარღვეული ძველი მეჩეთის ნანგრევებში.

როგორც მიხეილ ლაბაძე განმარტავს, ქვაზე დატანილი ტექსტი არის ფრაგმენტული, სამი რიგისგან შემდგარი, წარწერის რიგები არ მიჰყვება ერთმანეთს, ქვა გატეხილია, ისე, რომ სამშენებლო ბლოკის დანიშნულებით გამოდგეს.

წერია „ქრისტე სული მისი“ მერე წერია „ჴას“ (ხას) - „ხარი“-ს ძველი ქართული ფორმა. მერე წერია „მ“, მერე ქარაგმის ნიშანია, მერე „ა“ და ჩხიკი - ასეთი ფორმა იკითხება. აზრობრივად და ლოგიკურად არ არის გამართული ნაწერი, მაგრამ დაახლოებით 30 ასოსგან მაინც შედგება. ტექსტის გადარჩენილი ასოების რაოდენობა 21-მდეა და ყველაზე დიდია იმ წარწერებიდან, რაც ჩეჩნეთში არის ნაპოვნი“, - ამბობს მიხეილ ლაბაძე.

მას ქვის გაცნობის საშუალება მხოლოდ ფოტოს მეშვეობით მიეცა და მსჯელობისას მხოლოდ ამ მასალას ეყრდნობა, რაც, მისი თქმით, საკმარისი არ არის მნიშვნელოვანი დასკვნის გამოსატანად.

„სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს საფლავის ქვა, იმიტომ რომ „ქრისტე“ და „სულია“ ნახსენები. დაქარაგმებული „ქრისტე“ - „ქ“ ქარაგმა „ე“ და „ს“ ქარაგმა და „ლი“ ანუ „ქრისტე სული მისი“, „მისი“ ჩვენ ვივარაუდეთ, რადგან ასო „მ“ არის შემორჩენილი და მერე ჩამოტეხილია ქვა. „მ“ ასო ნაცვალსახელ „მისის“ ნაშთი შეიძლება იყოს. ჩვენ ვმსჯელობთ მხოლოდ ფოტოფირით, ეს კიდევ ძალიან ძნელია, ვინაიდან ფოტოზე შეიძლება რაღაც ვერ გაარკვიო, ადგილზე ნახვა სჯობს“, - ამბობს მიხეილ ლაბაძე.

მანამდე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, პირველადი შესწავლის ნიადაგზე, აშკარაა, რომ ეს არის ვაინახურ ენაზე გაკეთებული წარწერა, რომლისთვისაც გამოყენებულია ქართული ანბანი. ადრეულ შუა საუკუნეებში ძლიერი კულტურული ასიმილაციის ნიადაგზე, არა მხოლოდ ვაინახები, არამედ სხვა ხალხები, ოსები, ინგუშები, იყენებდნენ ქართულ ასომთავრულ დამწერლობას და ეს თავისთავად სიახლე არ არის. მსგავსი არქეოლოგიური არტეფაქტები მრავლადაა მიკვლეული ამ ტერიტორიაზე.

მიხეილ ლაბაძის თქმით, საუკუნეთა განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიაზე ქართული კულტურული გავლენა ძალიან დიდი იყო, ჩრდილო კავკასიის აბსოლუტურად ყველა მხარეში გამოიყენებოდა ქართული ანბანი - იქაური ენის დამწერლობად.

„რუსებმა, როდესაც ჩრდილო კავკასიის ენების შესწავლა დაიწყეს, ისინი უმწერლობო ენებად გამოაცხადეს და თუ შუა საუკუნეებში ქართულ დამწერლობას ხმარობდნენ ჩრდილოკავკასიელები, აქამდე ძალიან მცირე ცნობები იყო და ახლა ნელ-ნელა გამოდის მასალა, სადაც ჩანს, რომ მართლაც ასე ყოფილა, რომ ქართული ანბანი მთელს კავკასიაში გამოიყენებოდა“, - ამბობს მიხეილ ლაბაძე.

მისი განმარტებით, კავკასიოლოგმა ტოგო გუდავამ, 70-იან წლებში დაღესტნის ტერიტორიაზე არსებულ დათუნას ეკლესიაში ქართულ-ხუნძური წარწერები შეისწავლა. დაღესტნის ტერიტორიაზე 100-მდე ქართული წარწერაა აღმოჩენილი, მაგრამ ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მათი რიცხვი მცირე იყო. ახალი აღმოჩენა კი, მინიმუმ, იმას ცხადყოფს, რომ ასომთავრული დამწერლობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც ადგილობრივი ენის დამწერლობად გამოიყენებოდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG