Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მოკავშირეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ირანისთვის გაეროს სანქციების აღდგენის შესახებ გამოაცხადა


აშშ-მა ცალმხრივად გამოაცხადა ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღდგენის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის უახლოესი ევროპელი მოკავშირეები ამის წინააღმდეგნი არიან და გაურკვევლობაა სანქციების ზეგავლენის თაობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გამოაცხადა გაეროს სანქციების ეგრეთ წოდებული snapback-ის შესახებ, რაც მათ აღდგენას გულისხმობს. პომპეო ყველა დამრღვევს აშშ-ის ქმედებით დაემუქრა.


„თუ გაეროს წევრი ქვეყანა არ დაიცავს თავის მოვალეობას, გაატაროს ეს სანქციები, აშშ მზად არის გამოიყენოს თავისი საშინაო ძალაუფლება, რათა დააკისროს პასუხისმგებლობა მათ, ვინც არ დაიცავს სანქციებს და უზრუნველყოს, რომ ირანმა არ იხეიროს გაეროს მიერ აკრძალული ქმედებით“, - განაცხადა პომპეომ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ მას არ შეუძლია რაიმე იღონოს აშშ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ირანის მიმართ სანქციების აღდგენის თაობაზე, რადგან ამ საკითხზე „როგორც ჩანს, გაურკვევლობაა“.

აშშ-ის მხრიდან ამ ნაბიჯის საპასუხოდ, ირანმა 20 აგვისტოს მოუწოდა მსოფლიოს, გაერთიანდეს ვაშინგტონის „უგუნური ქმედების“ წინააღმდეგ.

ჩინეთი, რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ და ბირთვული შეთანხმების მონაწილეები არიან, წინააღმდეგნი არიან აშშ-ის მცდელობისა, აღდგეს ირანის მიმართ საერთაშორისო სანქციები.

რუსეთმა 20 სექტემბერს დაგმო აშშ-ის ნაბიჯი და თქვა, რომ ვაშინგტონის განცხადება არალეგიტიმიურია და არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები სხვა ქვეყნებისთვის.

აშშ-ის ქმედება ამზადებს პირობებს გაეროს შიგნით დიდი დაპირისპირებისთვის. აშშ მზარდ იზოლაციაში მოექცა ირანსა და ბირთვული შეთანხმების სხვა მონაწილეებთან დაძაბულობის ფონზე. შეთანხმება, ოფიციალური სახელწოდებით „ერთობლივი მრავლისმომცველი სამოქმედო გეგმა“, ხელმოწერილ იქნა აშშ-თან ერთად ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და ჩინეთის მიერ 2015 წელს. აშშ ამ შეთანხმებას 2018 წელს გამოეთიშა.

აშშ-ის მიერ სანქციების განახლების წინ, ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა თავიანთ წერილში ნატოს უშიშროების საბჭოსადმი განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაუქმება 20 სექტემბრის შემდეგაც ძალაში რჩება.

XS
SM
MD
LG