Accessibility links

COVID-19 საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჭრილში


ავტორი: აკაკი ბერიძე

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, უჰანში წარმოქმნილმა კოვიდ 19-მა უკვე დააყენა მსოფლიო წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობა. ამ დისკუსიამ უკვე ასახვა ჰპოვა საერთაშორისო სამართალის თეორიაშიც. ეს ბუნებრივიცაა, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის გარეშე არ არსებობს და მისი ფრაგმენტაციის აუცილებელი მექანიზმია.

არსებული საერთაშორისო სამართალი რომ გავაანალიზოთ, ორგვარი ტენდენცია შეინიშნება – სოლიდარობაზე დაფუძნებული სხვადასხვა მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მხარდამჭერი დოკუმენტები, რომლებიც მოუწოდებენ მსოფლიოს ყველაფერი იღონოს კოვიდ 19-ის გასანეიტრალებლად. საკვირველია, რომ ამგვარ დოკუმენტებში მინიშნებაც კი არაა (სახელმწიფო(ებ)ის, საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხისმგებლობაზე, რომელთა ფუნქცია უნდა იყოს მომაკვდინებელი პანდემიის პრევენცია, აღკვეთა და დამარცხება.

გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა გაეროს ისტორიაში პირველად უშიშროების საბჭოს სხდომაზე მსოფლიოში ყველა შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეს მოუწოდა შეაჩერონ ბრძოლები(სირია იემენი, ლიბია, ავღანეთი, მაილი და კოლუმბია, ყირიმი, ასევე სხვა ცხელი წერტილები). უშიშროების საბჭოს სხდომის პარალელურად კი ჩრდილო კორეამ საპასუხოდ რამდენიმე ბირთვული რაკეტა გამოსცდა.

ამ უშიშროების საბჭომ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი მოიტანა.

სამი კითხვა, რომელიც დღეს მუსირებს კოვიდ 19-ზე საერთაშორისო სამართლის თეორიაში:

  • დაუწესდეს თუ არა პასუხისმგებლობა კოვიდ 19-ის მოვლენაზე ჩინეთს?
  • ვინ აწესებს ამ სახის პასუხისმგებლობას (მოწყვლადი სახელმწიფოები თუ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა)?
  • საპასუხო რეაქციები ჩინეთიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეუს ადმინისტრაცია ხაზს უსვამს ჩინეთის პასუხისმგებლობას კოვიდ 19-ის დამალვის თაობაზე. ეს მსჯელობა არაა შინაარსს მოკლებული. სხვათა შორის, აშშ-ს ევროპელი მოკავშირეები იგივე აზრზე არიან. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების 6 და 7 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს დროულად და მყისიერად მიაწოდონ ინფორმაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს გაუზიარონ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაცია. იმავეს ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონსტიტუციის 37-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყველა წევრი-სახელმწიფო ვალდებულია არ დამალოს/დააყოვნოს ინფორმაცია და სხვა სახელმწიფოებს მიაწოდოს ყველაზე ხელსაყრელი ფორმებით.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ კორფუს არხის საქმეზე (1949 წელი) დაადგინა, რომ არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარი ტერიტორია გამოიყენოს იმ ქმედებების განსახორციელებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებს. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოებს ეკრძალებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირება, ანექსია, ინტერვენცია, მაგრამ ასევე დადგენილია ვალდებულება, რომ საკუთარი ტერიტორიები არ გამოიყენონ ისე, რომ დააზიანონ სხვა სახელმწიფოთა უფლებები. ფაქტობრივად, ამ მსჯელობით სასამართლომ ხაზი გაუსვა სახელმწიფოთა მოვალეობას ითანამშრომლონ ერთმანეთთან მათი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის სახესხვაობის მიუხედავად, რათა დაცულ იქნას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, ხალხთა კეთილდღეობა და ადამიანის წარუვალი უფლებები.

ის, რომ სახელმწიფოები კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ საერთაშორისო სამართლით აღებულ ვალდებულებებს, აღნიშნულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლობის შესახებ მუხლებში, რომელიც უკვე ჩვეულებითი სამართლის ნაწილია და სავალდებულო ძალა გააჩნია.

იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რეალურად შეუძლებელია ჩინეთის ვეტოს შემთხვევაში მის მიმართ სამართლებრივი ბერკეტების, ფართო გაგებით სანქციების ამოქმედება.

სახელმწიფოთა საერთაშორისო პასუხისმგებლობის შესახებ მუხლები ითვალისწინებს არასწორი ქმედების ჩამდენი სახელმწიფოს მიმართ სხვადასხვა სანქციის განხორციელებას: რესტიტუცია, კომპენსაციის მიღება, პირვანდელ მდგომარეობაში ჩაყენება (ამგვარის ქმედების ჩადენამდე არსებული მდგომარეობა). უშიშროების საბჭოს პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული მექანიზმების განხორციელება ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ შეუძლებელია, რადგან შანხაის სასამართლოს არც ერთ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე გამოტანილი ჩინეთის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ აქვს აღსრულებული. იგივე მოხდება ამ შემთხვევაში – თუ რომელიმე საერთაშორისო სასამართლო დაადგენს ჩინეთის მიმართ საერთაშორისო პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა დარჩება ფურცელზე აღუსრულებელი.

თუმცა, არის ერთი დანაწესი სახელმწიფოთა საერთაშორისო პასუხისმგებლობის შესახებ მუხლებში, რომელიც საერთაშორისო სამართალს უფრო მიმზიდველს და საიმედოს ხდის. საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ამგვარი ქმედების ხელმეორედ ჩადენისგან შეიკავოს თავი. ეს მუხლი არაპირდაპირი ანარეკლია გაერთიანებული ერების ჩამოყალიბების შემდეგ შექმნილი საერთაშორისო სამართლისა, კერძოდ, იმ ფონზე როდესაც რეტორსია (დამნაშავე სახელმწიფოს მიმართ მსხვერპლი სახელმწიფოს მიერ შურისძიება) აკრძალულია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, დამნაშავე სახელმწიფო კეთილსინდისიერი ბოჭვის ქვეშ უნდა იყოს, აღარ განახორციელოს ნებით თუ უნებლიეთ მსოფლიო ხალხთა დამაზიანებელი ქმედებები.

იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19 ჩვენს საუკუნეში მიმდინარე ბევრ შეიარაღებულ კონფლიქტზე დამაზიანებელ მოვლენად აქცია და გამოიწვია ფატალური შედეგი კაცობრიობისთვის, აუცილებელია ვირუსის წარმომშობი (ტერიტორიული წარმოშობა) სახელმწიფოს მიმართ საერთაშორისო პასუხისმგებლობის მექანიზმების ამოქმედება, რათა კაცობრიობა უკეთესად გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG