Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიამ გაავრცელა COVID-19-ით ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი სოხუმელი პედაგოგის ბოლო მიმართვა


ლუდმილა ანუა
ლუდმილა ანუა

ქუთაისის კლინიკაში სოხუმელი პედაგოგის, COVID-19-ით დაავადებული ლუდმილა ანუას გარდაცვალების შემდეგ, აფხაზური მედიასაშუალებებით გამოქვეყნდა მისი ბოლო მიმართვა, რომელიც ერთი კვირის წინ, ჯერ კიდევ გუდაუთის საავადმყოფოდან გაავრცელა.

პედაგოგი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ინფექცია ხალხში დასეირნობს: „არც მე მჯეროდა დაავადების, მაგრამ გუდაუთაში აღმოვჩნდი“. პედაგოგი ხალხს თავის გაფრთხილებისკენ მოუწოდებდა.

სოხუმის პირველი სკოლის პედაგოგი, 60 წლის ლუდმილა ანუა მდგომარეობის გაუარესების გამო, გუდაუთის საავადმყოფოდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 19 სექტემბერს გადაიყვანეს.

პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“, სადაც 20 სექტემბერს, საღამოს გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს უკვე აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სოხუმელ პედაგოგს გულის ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა. კლინიკა "ბომონდში" განაცხადეს, რომ მედპერსონალმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენა პაციენტის გადასარჩენად, თუმცა, მისი კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ვერ მოხერხდა.

სოხუმის პირველ საშუალო სკოლაში, სადაც ლუდმილა ანუა მუშაობდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლების პროექტ „კავკაზ რეალიის“ უთხრეს, რომ პედაგოგის გარდაცვალებას არ შეიტანენ ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან ფაქტი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა.

დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს COVID-19-ით 7 ადამიანის გარდაცვალება. 21 სექტემბრის საღამოს მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 995 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG