Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC-მ და საია-მ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულებაზე ანგარიში წარადგინეს


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით კოალიციური ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს.

ალტერნატიული ანგარიში პაქტის შესაბამის მუხლებთან მიმართებაში მიმოიხილავს საანგარიშო პერიოდში მომხდარი ინდივიდუალური უფლებადარღვევის ისეთ მძიმე საქმეებს, როგორიცაა, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, აფგან მუხთარლის გატაცება, ქვეყნიდან გაძევების აკრძალვის დარღვევის სავარაუდო შემთხვევებს ჩრდილოკავკასიელების რუსეთში ექსტრადირების პროცესში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დარღვევები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და პასუხისგებაში მიცემის პრობლემები და სხვა.

EMC -სა და GYLA-ს მიხედვით, ანგარიშში შეფასებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევები, დევნილების მძიმე სოციალური მდგომარეობა, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის და გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული გამოწვევები, სასამართლო და საგამოძიებო სისტემის დამოუკიდებლობის ხარვეზები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები. ანგარიშში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ქვეყანაში არსებული, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მიმოხილვას.

ალტერნატიულ ანგარიშში EMC და საია აფასებენ ასევე გამოხატვის და შეკრების თავისუფლების მძიმე დარღვევებს, მათ შორის 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს, 2018 წლის 12 მაისის მოვლენებს, ლგბტ პირთა შეკრების უფლებას და ამ მხრივ არსებულ არაერთ დარღვევას. ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული მედიის თავისუფლების კუთხით არსებული დარღვევები, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები და 20-21 ივნისის მოვლენების გაშუქების დროს ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევის, ჟურნალისტთა დაზიანების შემთხვევები.

ანგარიშის ერთი ნაწილი ეთმობა შრომით უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, შრომის უსაფრთხოების საკითხებს, საცხოვრისის უფლების გარანტირებისა და გამოსახლებისგან დაცვის, ასევე, შშმ პირთა სამართლებრივი ქმედუნარიანობის რეფორმის ბარიერებს საქართველოში.

ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეთმობა ასევე ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მხრივ არსებულ გამოწვევებს და ინტეგრაციის პოლიტიკის პრობლემებს საქართველოში.

ალტერნატიული ანგარიში მომზადებულია საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულების განხილვის მეხუთე ციკლის ფარგლებში. მასში შეფასებულია ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებასთან მიმართებაში ბოლო 6 წლის მანძილზე განვითარებული ძირითადი მოვლენები. საქართველო გაეროს საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 1994 წელს შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG