Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ ონლაინღონისძიებით აღნიშნა თავისი 75-ე წლისთავი


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ნიუ-იორკი, 2020 წ. 21 სექტემბერი.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. ნიუ-იორკი, 2020 წ. 21 სექტემბერი.

გაერომ ფართო მასშტაბის ონლაინღონისძიებით აღნიშნა თავისი 75-ე წლისთავი, რომლის ფონია კორონავირუსის პანდემია და აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობა, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის სირთულეებს გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა, ნაჩვენები იქნა მსოფლიო ლიდერების ვიდეოგამოსვლები. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის დარბაზიდან ლაპარაკობდა, გამოვიდა მულტილატერალიზმის განახლების მოწოდებით. მან აღნიშნა, რომ ახალმა კორონავირუსმა „გააშიშვლა მსოფლიოს სუსტი მხარეები“ და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის აუცილებლობა. „დღეს ჩვენ გვაქვს მულტილატერალური გამოწვევების სიჭარბე და მულტილატერალურ გადაწყვეტათა დეფიციტი“, თქვა გენერალურმა მდივანმა.

„ახლოვდება კლიმატური კატასტროფა, ნადგურდება ბიომრავალფეროვნება, იზრდება სიღატაკე, ვრცელდება ზიზღი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა მწვავდება, ბირთვული იარაღი კვლავაც საბრძოლო მზადყოფნაშია“, თქვა გუტერეშმა. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა გაეროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგებიდან აღმოცენდა, რათა თავიდან აეცილებინა კონფლიქტები.

„თანამედროვე ისტორიაში არასოდეს ვყოფილვართ ამდენი წელი მსხვილ სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფრონტაციის გარეშე“, თქვა გუტერეშმა.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე 180-ზე მეტი ქვეყნის ლიდერებმა და წარმომადგენლებმა გაგზავნეს სამწუთიანი წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები. მათ ასევე შეათანხმეს დეკლარაცია, რომელშიც ნახსენებია გაეროს მიღწევები და წარუმატებლობები, აგრეთვე გამოწვევები.

დღეს ნიუ-იორკში იწყება გაეროს გენერალური ასამბლეის ერთკვირიანი ყოველწლიური შეკრება, რომელიც ძირითად ონლაინრეჟიმში გაიმართება.

XS
SM
MD
LG