Accessibility links

ტრამპმა გაეროს მოუწოდა, კორონავირუსის გავრცელებისთვის პასუხი მოსთხოვოს ჩინეთს


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩინეთს პასუხი უნდა მოსთხოვოს იმის გამო, რომ მან ვერ შეაჩერა კორონავირუსის გავრცელება, რამაც 200 ათასამდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია ამერიკაში და მილიონამდე ადამიანისა - მთელ მსოფლიოში.

ტრამპი ჩინეთს ბრალს სდებს, რომ მან დროულად არ გაუზიარა მსოფლიოს ინფორმაცია ახალი დაავადების შესახებ.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა ჩანაწერში, რომელშიც მან მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის ონლაინშეკრებას.

გარდა ამისა, ტრამპმა თავის გამოსვლაში შეაქო ახლახან გაფორმებული შეთანხმებები, რომელთა მიღწევაშიც თავად ითამაშა როლი. ერთია კოსოვოსა და სერბეთს შორის შეთანხმება, მეორე კი მიღწეულ იქნა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის. მისი თქმით, აშშ „ასრულებს საკუთარ მოწოდებას, როგორც მშვიდობისმყოფელი“.

ტრამპი ხშირად იყენებს საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლებს, რათა წინ აღუდგეს „გლობალიზაციას“ და ხელი შეუწყოს თავის საგარეო პოლიტიკას - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამ მხრივ მისი წლევანდელი მიმართვა არ ყოფილა განსხვავებული. ტრამპმა სხვა ქვეყნები გააფრთხილა, რომ „მხოლოდ როცა საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნებთ, იპოვით თანამშრომლობის ჭეშმარიტ საფუძველს“.

დღეს ნიუ-იორკში დაიწყო გაეროს გენერალური ასამბლეის ერთკვირიანი ყოველწლიური შეკრება, რომელიც ძირითადად ონლაინრეჟიმში იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG