Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი უზენაესი სასამართლოს კანდიდატს 26 სექტემბერს დაასახელებს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 26 სექტემბერს დაასახელებს საკუთარ კანდიდატს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინზბურგის ადგილის დასაკავებლად. გინზბურგი, რომელიც უზენაეს სასამართლოში ლიბერალების ლიდერად ითვლებოდა, 18 სექტემბერს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. ახლა რესპუბლიკელებს შანსი ეძლევათ, უზენაეს სასამართლოში 6-3-მდე გაზარდონ უმრავლესობა კონსერვატიული უმრავლესობის სასარგებლოდ.

ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ 26 სექტემბერს თეთრ სახლში გამოაცხადებს თავის კანდიდატს, თუმცა ზუსტ დროზე არ ულაპარაკია.

ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად დასახელებული ნებისმიერი კანდიდატი მარტივი უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს სენატმა, სადაც ამჟამად რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ - 53-47.

ტრამპის გეგმამ, გინზბურგის ადგილი სწრაფად შეავსოს, დემოკრატების აღშფოთება გამოიწვია. საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამას „ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ უწოდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს სიცოცხლის ბოლომდე უკავიათ თავიანთი თანამდებობები. მათ განაჩენი გამოაქვთ პოლიტიკურად მეტად მგრძნობიარე საკითხებზე, როგორებიცაა აბორტი, იმიგრაცია, სამოქალაქო უფლებები თუ იარაღის შესახებ კანონები.

რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ მისი კანდიდატი ქალი იქნება.

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ რამდენიმე ზომიერი რესპუბლიკელი შეიძლება შეეწინააღმდეგოს ტრამპის კანდიდატურას.

დემოკრატების რისხვა ძირითადად მიმართულია სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის წინააღმდეგ, რომელიც 2016 წელს ცხრა თვის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა სენატში მოსმენის გამართვას ბარაკ ობამას მიერ წამოყენებული კანდიდატის თაობაზე. ამის მიზეზად ის მოახლოებულ არჩევნებს ასახელებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG