Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ვირტუალურ ასამბლეაზე კვლავ კორონავირუსის პანდემიაზე იმსჯელებენ


გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური დებატების მეორე დღეს, 23 სექტემბერს, გავრცელებული ვარაუდით, წარმოთქმული სიტყვები კვლავ კორონავირუსის პანდემიას და მის წინააღმდეგ ერთიანი გლობალური ბრძოლის საჭიროებას შეეხება. ასამბლეა წელს ვირტუალურად, ინტერნეტით ტარდება, პანდემიის წინააღმდეგ შემოღებული შეზღუდვების გამო.

ასამბლეის მეორე დღეს სიტყვით გამოვლენ ბოსნიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, უნგრეთის, უკრაინის, ავღანეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ლიდერები.

ერთი დღით ადრე შეხვედრა გახსნა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა. მისი თქმით, კორონავირუსის "ეპოქალურმა" კრიზისმა, რომელმაც გლობალურად მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიო "მუხლებზე დააჩოქა", და ის მხოლოდ "რეპეტიციაა იმ გამოწვევებისა, რომლებიც წინაა".

გენერალური მდივანი ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ არსებობს აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი ცივი ომის დაწყების საფრთხე. ეს მეტოქეობა მკაფიოდ გამოჩნდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის ვიდეოჩართვაში ილაპარაკა "დიდ გლობალურ ბრძოლაზე ... უჩინარი მტრის, ჩინეთის ვირუსის წინააღმდეგ". ტრამპის თქმით, გაერომ ჩინეთის ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დააყენოს კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებით.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის თქმით, საკითხის პოლიტიზების ნებისმიერი მცდელობა უნდა უარყოფილ იქნას. მსოფლიოს ესაჭიროება "მეტი სოლიდარობა და თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია", - განაცხადა სი ძინპინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG