Accessibility links

საქართველომ დაგმო რუსეთის სამხედრო წვრთნები - „კავკასია 2020“


საარქივო ფოტო: გუდაუთის რუსული ბაზის სამხედროები

ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველოს დელეგაციამ ილაპარაკა სამხედრო წვრთნების - „კავკასია 2020“-ის შესახებ, რომელსაც რუსეთი ატარებს. ქართულმა მხარემ დაგმო რუსეთის მხრიდან წვრთნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარება და მათში ამ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების მონაწილეობა.

საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში.

ამ საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციები. გამომსვლელებმა ერთხმად დაგმეს სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება და მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს აფხაზეთში წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე და ცხინვალის რეგიონში - ძარცემის პოლიგონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG