Accessibility links

გიორგი გახარია: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება, განსაკუთრებით აჭარაში, მობილობის ზრდის შედეგია. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა წინასწარ ამბობდა და ემზადებოდა იმისთვის, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსალოდნელი იყო შემთხვევების მკვეთრი ზრდა.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და პირველ ეტაპზე, როცა ცოდნა და რესურსები მინიმალური იყო, საჭირო გახდა მკაცრი ზომებით ვირუსის შეკავება და დროის მოგება ჯანდაცვის და ტესტირების სისტემის მოსამზადებლად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია, დღეს კი - ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ.

გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პირველ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და მათი ეტაპობრივად მოხსნა სწორი იყო.

როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, დღეს ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, რომ პროცესი კლინიკურად მართოს და ამ ეტაპზე, სისტემამ სწრაფად უნდა გამოავლიონოს და შეანელოს გავრცელება და ინფიცირებულებს ეფექტურად უმკურნალოს.

გიორგი გახარიას შეფასებით, სრულფასოვნად მუშაობენ „ცხელების ცენტრები“ და 112 და ეფექტურად მუშაობს კონტაქტების სწრაფად გამოვლენის და საკარანტინე სისტემები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე ფინანსების გარდა, სპეციალისტების მომზადება სჭირდებოდა ტესტირების სისტემას და თუ პანდემიის დასაწყისში საქართველოში დღეში 200 PCR ტესტი კეთდებოდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 9 ათასია და პროცესში უკვე ჩართულია არა ერთი - „ლუგარის ცენტრი“, არამედ უკვე 22 ლაბორატორია.

გახარიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კორონავირუსს მარტო ვერცერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს და ვაქცინის შექმნამდე დრო უნდა მოვიგოთ. მისივე თქმით, ადაპტაცია-მართვის ეტაპზე ნიღბების ტარება და დისტანციის და ჰიგიენის დაცვა და მაღალი დისციპლინაა იმის წინაპირობა, რომ ნაკლები იქნება გავრცელება და ნაკლები იქნება დაწოლა ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემაზე.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და მკაცრი შეზღუდვების დაწესების შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყნის რესურსული მდგომარეობა, ასევე ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა და მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმაოდ კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

მისივე სიტყვებით, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მკაცრი წესებით და დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, თეორიული შეზღუდვები მიზნობრივი და ლოკალური იქნება და სისტემური შეზღუდვები ვერ იქნება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა. 12 სექტემბრიდან ყოველდღიურად 150-ზე მეტი შემთხვევა იყო, 22 სექტემბერიდან კი უკვე 200-ს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG