Accessibility links

ირაკლი ოქრუაშვილი: ჩემი არც ერთი პატიმრობა სამართლიანი არ ყოფილა


ირაკლი ოქრუაშვილი

„პასუხი არის მარტივი, რა თქმა უნდა, არც ერთ ჩემს პატიმრობას არ ვთვლი სამართლიანად“, - ასე უპასუხა პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა რადიო თავისუფლების პროგრამის „დილის საუბრების“ წამყვანს კითხვაზე, როგორ ფიქრობს, იყო თუ არა რომელიმე მისი პატიმრობა კანონიერი.

„ამერიკის საელჩოს ჰქონდა ერთი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება ბოლო პატიმრობასთან დაკავშირებით. მისი დაპატიმრების დრო და კონტექსტი იყო სრულიად შეუსაბამო და არაადეკვატურიო. დრო და კონტექსტი, როდის გაპატიმრებენ, ამას აქვს მნიშვნელობა. თუ გედავებიან გარკვეული არგუმენტებით და ამ შემთხვევაში პოლიტიკური ჩარევა არ ხდება სასამართლოში, ბუნებრივია შენ შეიძლება არ გქონდეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტი და არ თქვა, რომ სამართლიანი არ იყო. ყველა დროს, ყველა ვითარებაში პოლიტიკურად მოტივირებული იყო ყველა საქმე“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“თემაზე არჩევნები 2020.

ირაკლი ოქრუაშვილი 2007 წელს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ფულის გამოძალვისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააპატიმრეს. 2007 წელსვე იგი იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან და საფრანგეთში ცხოვრობდა. 2012 წლის ნოემბერში იგი საქართველოში დაბრუნდა, სადაც კვლავ დააპატიმრეს. 2013 წელს იგი პოლიტიკურ დევნილად ცნეს და გაათავისუფლეს.

2019 წლის ივლისში ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე დააკავეს და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც იგი 15 მაისს „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივანთან, გიგი უგულავასთან ერთად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

2001-2007 წლებში ირაკლი ოქრუაშვილი იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორის, შიდა ქართლის გუბერნატორის, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობებს, იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბლოკიდან „სააკაშვილი-ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამჟამად იგი თბილისის საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებული კანდიდატია ოპოზიციური ერთობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG