Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სატელიტის ფოტოები დავით ფურცხვანიძის შვილმა დაამუშავა


დავით ფურცხვანიძე
დავით ფურცხვანიძე

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიგინფზე დაადასტურეს დავით ფურცხვანიძის დაკავება თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. პროკურორის თქმით, სატელიტის არააავთენტური ფოტოები, რომელიც დავით ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა და მიხეილ რამიშვილმა 8 სექტემბერს ფორმულას ეთერში გაასაჯაროვა, დაკავებული დავით ფურცხვანიძის შვილმა გააყალბა.

"ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს -„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.

დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ “სკაიპის” საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული. დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის.


დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ “Whats App”-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით." - თქვა პროკურორმა დავით გუმბარიძემ 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ფურცხვანიძის მოტივი მტკიცებულებების ფალსიფიკაციისას პირადი გამორჩენის მიღება იყო და ამ მიზნით მოქმედი არწმუნებდა ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, რომ მის პარტნიორს ჰქონდა წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები.

დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორიდან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"დაკავებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე" - განმარტავს პროკურორი.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც დაზარალებულის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს whatsapp-ის საშუალებით მიაწოდა ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა, რომელიც არაავთენტური აღმოჩნდა, დღეს 25 სექტემბერს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ვარაუდობს, რომ მასაც დააკავებენ.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

ასევე ნახეთ: “ტოტალურად გაყალბებული” სატელიტური ჩანაწერების შემდეგ ბაჩალიაშვილის საქმეში საეჭვო ვებგვერდები ჩნდება

გამოძიება მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე თუ ზეწოლა ადვოკატზე

სურათები სატელიტიდან - ახალი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თუ უხარისხო ფოტომონტაჟი ბაჩალიაშვილის საქმეში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG