Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება ომის შემდეგ


ცხოვრება ომის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:56 0:00

“ჩვენს დღევანდელ სამყაროში არანორმალურია, უცნაურია არა ის, ვინც ავტომატი აიღო ხელში, არამედ მეორე, ის, ვინც ბავშვივით, რომელსაც ვერ გაუგია და კითხულობს: კი მაგრამ, მიწაზე ისევ რატომ წევს ადამიანი,რომელიც მეორე ადამიანმა მოკლა?”

სვეტლანა ალექსიევიჩი, “თუთიის ბიჭები”

ყველა ომი როდისმე მთავრდება და ადამიანები სახლში ბრუნდებიან. მათ გაუმართლათ - ცოცხლები გადარჩნენ. ცოცხალია მათი მეხსიერებაც. თუმცა ყველაზე თამამი აღწერაც კი ვერ გვაჩვენებს სრული სიცხადით იმას, რაც სინამდვილეში ხდებოდა.

რას გრძნობდნენ ეს ადამიანები, როდესაც ხედავდნენ და აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც ომში მიღებულია? და რას გრძნობდნენ ისინი, როცა დაბრუნდნენ იმ სამყაროში, რომელიც დროებით დატოვეს? სამყაროში, სადაც თითქმის ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო: ხალხი მაღაზიებში დადის, ჭორაობს, განიხილავს ფასების მატებას, პოლიტიკას - მშვიდობიანი ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინება. აქ ძნელად თუ მოიძებნება შესაფერისი მომენტი იმისთვის, რომ მოჰყვე, მაგალითად, რატომ არის მნიშვნელოვანი ომში ცხედრების დამარხვა - თუ ამას არ იზამ, მათ ღორები შეჭამენ.

ომი მშვიდობიანი ცხოვრების ანტიპოდია. ის, რაც მშვიდობიანი ცხოვრების საფუძველია, ომის დროს თავდაყირა დგება. მკვლელობა დანაშაული აღარ არის, არამედ გმირობის წინაპირობაა. აქ თუ შენ არ მოკლავ, შენ მოგკლავენ. პროექტის “ცხოვრება ომის შემდეგ” გმირები აფხაზეთის ომის მონაწილეები არიან ორივე მხრიდან. მათი მონათხრობი იმის შესახებ, თუ რა სიძნელეებს წააწყდნენ თავად და მათი თანამებრძოლები ომიდან დაბრუნების შემდეგ, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. დროდადრო ომი მათ სიზმრებში უბრუნდებათ. ომში გამომუშავებული რეფლექსები არაერთხელ გამხდარა მათი აგრესიის მიზეზი, ხელი შეუშლია გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვაში.

ზოგიერთი დღემდე ვერ ახერხებს ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეგუებას - ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სამყაროში, რომელიც არ შეცვლილა, იმ დროს როდესაც თავად სხვანაირები დაბრუნდნენ. ისინი შვებას პოულობენ ალკოჰოლში, ნარკოტიკებში. ერთხელ გადარჩენილები იქ, სადაც სიკვდილი თითქოს გარდაუვალია, ეძებენ და ხშირად პოულობენ მას უკვე აქ, გამოღმა ნაპირზე.

ამ პროექტის არც ერთმა მონაწილემ კითხვას, “შეუძლია კი კაცობრიობას არსებობა ომის გარეშე”, არ უპასუხა ცალსახად და მოკლედ. ისინი ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ უნდა ვეცადოთ ომის თავიდან აცილებას, ან რომ ომები მომავალში ფორმას შეიცვლის და, რა თქმა უნდა, იმასაც ამბობდნენ, რა კარგი იქნებოდა ომი საერთოდ არ არსებობდეს, რათა აღარავინ გამოსცადოს იგივე, რის დავიწყებასაც ისინი, უკვე 27 წელია, ცდილობენ.

მალხაზი

ცხოვრება ომის შემდეგ: მალხაზი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:36 0:00

მალხაზ ჩემია, აფხაზეთის ომის მონაწილე. ახლა პატარა კერძო წარმოებას ხელმძღვანელობს. დარწმუნებულია, რომ ყოფილი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური ტრავმების მოშუშების საუკეთესო საშულება ფიზიკური შრომაა. ამ ინტერვიუში მალხაზი ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რატომ არის ძნელი იყო ომგამოვლილი ადამიანის ცოლი, ჰყვება აგრესიის აფეთქებებსა და იმაზე, რაც მან მშვიდობიან ცხორებასთან შეგუების პროცესში გაიარა.

დაური

ცხოვრება ომის შემდეგ: დაური
please wait

No media source currently available

0:00 0:06:05 0:00

დაურ ლატარია, აფხაზეთის ომის მონაწილე. ომში კანტუზია მიიღო, რის გამოც მხედველობა მნიშვნელოვნად გაუფუჭდა. ომის შემდეგ რელიგიების შესწავლა დაიწყო. დღეს ხელმძღვანელობს ცენტრს, რომლის მიზანიც აფხაზეთის კულტურის, ტრადიციების, რიტუალებისა და სახალხო მედიცინის აღორძინებაა. დაური ჰყვება, თუ რა დაეხმარა მას მშვიდობიანი ცხოვრების ფერხულში ჩართულიყო, რა წინააღმდეგობებს გადააწყდა და როგორ ისწავლა საკუთარ თავთან შეგუება.

ნაირა

ცხოვრება ომის შემდეგ: ნაირა
please wait

No media source currently available

0:00 0:06:25 0:00

ნაირა ურუშაძე სამხედრო ექიმია, აფხაზეთის ომის მონაწილე. ომის დროს აფეთქდა ნაღმზე. დღეს მუშაობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში. ნაირა ურუშაძე გვიამბობს, თუ რატომ გახდა ვეგეტარიანელი ომის შემდეგ, როგორ რჩება უშვილო იმ ქალების ნაწილი, ვინც ომი გამოიარა, და რა დაეხმარა მას გამკლავებოდა დეპრესიას.

  • 16x9 Image

    ანასტასია სლოვინსკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლიდან. ძირითადად მუშაობს ვიდეოკონტენტის შექმნაზე. არის პროექტის „8 ფოტო არქივიდან“ თანაავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG