Accessibility links

თამარ გაბუნია: ნარინჯისფერ ზონაში რომ გადავიდეთ, დღეში 500-700 შემთხვევა უნდა გვქონდეს


თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს.

თამარ გაბუნიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნება, საქართველო ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს:

„დღეს, ქვეყანაში ახალი შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე არის დაახლოებით, 19. ითვლება, რომ ამ ნიშნულის ქვემოთ, ქვეყნები არიან დაბალი რისკის მატარებელი. საქართველოს ორი კვირის ჯამური ინციდენტობა ოდნავ აღემატება ხუთს, რაც, რა თქმა უნდა, არის ქვედა ზღვარი გლობალურ შკალაზე. იმისათვის, რომ საქართველოს მწვანე ზონის სტატუსი შეიცვალოს და გადავიდეთ ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში, მაშინ ქვეყანაში ყოველდღიურად, დაახლოებით 500-700 შემთხვევა უნდა გვქონდეს. ამდენად, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან დიდი სივრცე გვაქვს და იმედი გვაქვს, არც არასდროს მივალთ ამ ნიშნულამდე, რადგან ძალიან ბევრი პრევენციული ღონისძიება ტარდება იმისათვის, რომ ეს მომენტი არ დადგეს. თუმცა, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ჩვენი შიდა პროცესები სწორად დავგეგმოთ, ვიყენებთ შუქნიშნის პრინციპს, რომელიც ემყარება, როგორც ინციდენტობის მაჩვენებელს, ასევე, ტესტების რა რაოდენობა უნდა ჩატარდეს, საწოლფონდი როგორ უნდა იყოს მობილიზებული და ამის მიხედვით ხდება შიდა მართვა“.

26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, 296 შემთხვევა დაფიქსირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG