Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსის პოზიცია კვლავ ძალაშია


ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დაადასტურა,რომ მისი პარტიის პროგრამულ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციით გამყარება. გადაცემაში მან განაცხადა, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ შეეცდება პოლიტიკური ოპონენტები თავისი ხედვის სისწორეში დაარწმუნოს:

„ამ ეტაპზე ამასთან დაკავშირებით მხარდაჭერა იქნება ძალიან სუსტი იმიტომ, რომ სამწუხაროდ არის პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ აგერ მიუხედავად იმისა, რომ ნიქოზში რუსეთის ჯარი დგას, ამერიკის ჯარი უნდა შემოვიყვანოთ საქართველოშიო. და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი ბეწო სახელმწიფო როა და აქ რომ ამერიკის ჯარი დგას და აქ რომ რუსეთის ჯარი დგას, როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს განვითარება? ღმერთმა არ ქნას, საქართველოდან ხომ აღარაფერი აღარ დარჩება საერთოდ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი აზრით, უბლოკო სტატუსის შემთხვევაშიც საქართველომ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან:

„ყველა პროგრამაში 2008 წლიდან მოყოლებული მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ არ აპიარებდა, ყოველთვის მქონდა, რომ ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამერიკასთან, ევროპასთან, იგივე ორგანიზაციასთან ნატოსთან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა. მაგალითად, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა აუცილებლად ისეთ ოპერაციებში, როგორებიცაა ავღანეთის ოპერაცია, ანტიტერორისტული ოპერაციები, სამშვიდობო ოპერაციები და ასე შემდეგ, ჩვენი წვლილი რომ შევიტანოთ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ წინასაარჩევნო რუბრიკაში კითხვაზე, რჩება თუ არა 2020 წლის საარჩევნო პრიორიტეტებში ქვეყნის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრა.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ უბლოკო სტატუსის კონსტიტუციით განსაზრღვრის ინიციატივით 2016 წლის არჩევნებზე გამოვიდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებში ამ ეტაპისთვის უბლოკო სტატუსი ნახსენები არ არის:

"საჭიროა კონსტიტუციის დონეზე ჩამოყალიბდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგია. ნათლად იყოს ნაჩვენები საქართველოს ანტიმილიტარისტული და ნეიტრალიტეტისკენ მიმართული სტრატეგია",-აღნიშნულია პროგრამულ პრიორიტეტებში. პროგრამის პრეზენტაცია, ნინო ბურჯანაძის თანახმად, უახლოეს დღეებში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG