Accessibility links

მაკრონი ლიეტუვაში შეხვდება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ ციხანოუსკაიას


საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 29 სექტემბერს ლიეტუვაში შეხვდება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოუსკაიას.

ციხანოუსკაია აცხადებს, რომ მან გაიმარჯვა ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში და დაამარცხა ვეტერანი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკა.

ის ლიეტუვაში წავიდა ლუკაშენკას ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტებზე დაწყებული ზეწოლის ფონზე. ლუკაშენკა უარს აცხადებს აღიაროს არჩევნებზე მარცხი, და მისი ინაუგურაცია 23 სექტემბერს გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე.

დასავლეთის ქვეყნები უარს აცხადებენ აღიარონ ლუკაშენკა ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად და მას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდებენ.

ბელარუსში 51 დღეა მიმდინარეობს დემონსტრაციები ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით.

ოპოზიციის ლიდერებმა, მათ შორის ციხანოუსკაიამ, საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბეს ძალაუფლების გადაცემის პროცესისთვის.

ციხანოუსკაიამ პრეზიდენტად კენჭი იყარა თავისი ქმრის ნაცვლად, რომელიც არჩევნებამდე დააპატიმრეს.

ის აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG