Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა


კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 26 სექტემბრიდან იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 წლის ქალს COVID-19-ის გარდა ჰქონდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი და გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 01:30 საათზე“.

ბათუმში 55 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში 33-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად.

20-29 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი. ორი მათგანი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო. მათ დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ტერიტორიაზე" გარდაცვლილებად თვლის.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადასტურებული აქვს კორონავირუსით 10 ადამიანის გარდაცვალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG