Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი ბოლო პლენარულ სხდომას გამართავს


მუშაობას ასრულებს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი. დღეს ბოლო პლენარული სხდომა ჩატარდება, რადგან რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი პლენარულ სხდომებს წყვეტს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერსაა დანიშნული.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობით „ქართული ოცნება“ იყო წარმოდგენილი, მუშაობა 2016 წლის 18 ნოემბერს დაიწყო.

4 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ერთხელ შეიცვალა. თავდაპირველად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც თანამდებობა დატოვა 2019 წლის ივნისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე. პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მართლმადიდებელობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

ირაკლი კობახიძის გადადგომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა 2017 წელს მიიღო "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებს მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნების შემდეგ.

2019 წლის ივნისიდან, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარება უკვე 2020 წელს, პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა, თუმცა, კენჭისყრის დროს საკმარისი ხმები ვერ მოგროვდა.

წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დატოვა დეპუტატების ნაწილმა.

2020 წლის ივნისის ბოლოს კონსტიტუციაში შევიდა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილება, რომლის თანახმად, მომდევნო, მეათე მოწვევის პარლამენტში 120 წევრი პროპორციული სისტემით აირჩევა, 30 კი მაჟორიტარულით. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპროტესტო გამოსვლები და „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკება ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით.

მე-9 მოწვევის პარლამენტში ფრაქციები აქვთ „ქართულ ოცნებას“, „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“. მათ დაახლოებით ერთი წლის წინ დაემატა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, რომელიც უმრავლესობიდან გასული დეპუტატების ნაწილმა შექმნა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში საქართველოს სამი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, 2018 წლის ივნისში, “ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა მამუკა ბახტაძეს, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის სექტემბერში დატოვა. ბახტაძის შემდეგ, პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია დაამტკიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG