Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატიანი: „ევროპულ საქართველოს“ პრემიერ-მინისტრის მინიმუმ 4 კანდიდატურის დაყენება შეეძლო, მაგრამ ეს დამაზიანებელია პროცესისთვის


სერგო რატიანი
სერგო რატიანი

პოლიტიკური გაერთიანების „ ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის სახით ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნება და ამიტომ „ევროპული საქართველო“ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამ პროცესში გარკვეული წინაპირობებით შევიდეს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დასმულ შეკითხვაზე, რატომ არ დაასახელა „ევროპულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარტია ლიდერების ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა არავინ იცის რა კონფიგურაცია შეიქმნება არჩევნების შემდეგ და ამიტომ ნებისმიერი წინაპირობა დააზიანებდა პროცესს:

„თქვენ იცით რომ ვნებათაღელვა გამოიწვია, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაასახელა მიხეილ სააკაშვილი და ვნებათაღელვა იყო, როდესაც იგივე ვაშაძემ დაასახელა თავის კანდიდატურა. ამას პოზიტივი არ მოჰყოლია, ანუ ამას დადებითი ეფექტი არ მოჰყოლია. ამას გარკვეულწილად პრობლემები მოჰყვა და კოალიციისთვის და მომავალი თანამშრომლობისთვის მოჰყვა. სწორედ ამიტომ არ დავასახელეთ. მე მგონი არავის არ შეაქვს ეჭვი, რომ ევროპულ საქართველოს შეუძლია დღეს დაასახელოს დაახლოებით 4 ლიდერი, შეიძლება მეტიც. იგივე დავით ბაქრაძეს დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ რესურსს ამაში არ ვიყენებთ, ჩვენ ამ რესურსს სხვა რამეში ვიყენებთ და არა იმაში, რომ რაღაცნაირი წინაპირობები დავუყენოთ სხვებს“, - განაცხადა სერგო რატიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

"ევროპულმა საქართველომ" გუშინ, 29 სექტემბერს მომავალი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა. სიაში სულ 34 კანდიდატია.

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს სია პარტიის წევრთა რიგითობას არ განსაზღვრავს. სიაში მოხვდნენ "თავისუფალი დემოკრატებიდან" წამოსული პოლიტიკოსები: ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე.

"სია არ არის რიგითობით და შეადგენს იმ გუნდის სია, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს", - განმარტეს პარტიაში. პარტიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ დაუსახელებია.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება. პარტიას ამ ეტაპისთვის დასახელებული ჰყავს მაჟორიტარობის კანდიდატების უმრავლესობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG