Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ისაუბრებენ ბელარუსზე, ნავალნის მოწამვლაზე, მთიან ყარაბაღზე


1 და 2 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა, რომელზეც სავარაუდოდ მიიღებენ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს დასკვნებს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ საკითხზე.

რადიო თავისუფლებას საშუალება მიეცა, წინასწარ გაცნობოდა ამ დოკუმენტს. ევროპის კავშირის საბჭოს დასკვნებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ევროკავშირის ურთიერთობებს ჩინეთთან. დოკუმენტში ასახულია ევროკავშირის ლიდერებსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის 14 სექტემბრის შეხვედრის შედეგები. დოკუმენტში ხაზგასმულია პეკინთან ეკონომიკური ურთიერთობებში წონასწორობის აღდგენის მნიშვნელობა, მაღალი შეფასება ეძლევა სი ძინპინის დაპირებას, რომ ჩინეთი მიზნად ისახავს, 2060 წლამდე მიაღწიოს ნახშიროშჟანგის ემისიის მინიმუმამდე დაყვანას.

ევროკავშირი კვლავ შეშფოთებას გამოხატავს ჩინეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, მათ შორის ვითარებაზე ჰონგ-კონგში.

ბელარუსის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირი აცხადებს, რომ ის გმობს ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ „დაუშვებელ ძალადობას“ და სასამართლოს გარეშე დაპატიმრებებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ევროკავშირი კვლავ იმეორებს, რომ არჩევნები არ იყო „არც თავისუფალი და არც სამართლიანი“.

„ევროკავშირის საბჭო კვლავ აცხადებს, რომ ბელარუსის ხალხს აქვს უფლება, საკუთარი მომავალი თავად განსაზღვროს თავისუფლად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, გარედან ჩარევის გარეშე. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს ძალადობას, მოახდინოს ვითარების დეესკალაცია, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ქვეყნის მასშტაბით,“ ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ასევე შეიცავს მოწოდებას, უახლოეს დღეებში იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ბელარუსის მიმართ სანქციების თაობაზე.

დოკუმენტში საუბარია მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებაზე. ევროკავშირი კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაპირისპირება და აღნიშნავს, რომ „კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია“.

ევროკავშირის საბჭო გმობს ალექსეი ნავალნის მოკვლის მცდელობას „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო ქიმიური იარაღით. საბჭო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს „სრულად ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW), რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება.

ევროკავშირის სამიტი გასულ კვირაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი კვირით გადაიდო, ვინაიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, შარლ მიშელს კარანტინში ყოფნა მოუწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG