Accessibility links

ნავალნი მის მოწამვლაში პუტინს ადანაშაულებს


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. „მე ვამტკიცებ, რომ ამ დანაშაულის უკან დგას პუტინი და სხვა ვერსია არ მაქვს“, - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან ინტერვიუში. ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ არ ეშინია და რუსეთში დაბრუნებას აპირებს.

ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. 22 აგვისტოდან ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ იმყოფებოდა. 7 სექტემბერს ის ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს, 23 სექტემბერს კი საავადმყოფოდან გაწერეს და ამჟამად გერმანიაში გადის რეაბილიტაციის კურსს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ კვლევის შედეგად განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. ეს დაადასტურეს საფრანგეთის და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც.

2018 წელს, დიდ ბრიტანეთში „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. ლონდონი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი დღემდე უარყოფს ისევე, როგორც ნავალნის მოწამვლასთან კავშირს. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უშედეგოდ მოუწოდებენ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ.

დღეს ბრიუსელში იხსნება ევროკავშირის სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ნავალნის სიცოცხლეზე თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG